უკვე მზადაა ხორბლის ტექნიკური რეგლამენტი, თუმცა რატომღაც მისი მიღება არ ხდება, პროცესს ამუხრუჭებენ , - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ საქართველოს ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ ხორბლის ტექნიკურ რეგლამენტზე საუბრისას განუცხადა, რომლის თანახმადაც, გაკონტროლდება როგორც იმპორტირებული, ისე ადგილობრივი ხორბლის ხარისხი.
როგორც ლევან სილაგავა აცხადებს, ხორბლის ტექნიკური რეგლამენტი არის ბაზრის მოწესრიგების ერთ-ერთი სწორი მექანიზმი, როგორც ხარისხობრივი, ისე კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბების კუთხით, თუმცა მისი ამოქმედება ჭიანურდება, მაშინ როდესაც სხვა რეგლამენტები შედის ძალაში.
„უკვე მზადა ხორბლის ტექნიკური რეგლამენტი, ჩვენ დიდი ხანია ველოდებით ამ ტექნიკური რეგლამენტის შემოსვლას. მას შემდეგ რაც დაანონსდა, რომ არსებობს ხორბლის ტექნიკური რეგლამენტი და უნდა შესულიყო ძალაში, ძალაში შევიდა ფრინველის ხორცზე ტექნიკური რეგლამენტი, სპირტზე ტექნიკური რეგლამენტი, ახლა შედის ძალაში სათამაშოებზე ტექნიკური რეგლამენტი და რატომღაც ხორბლის ტექნიკური რეგლამენტის დამუხრუჭება ხდება, ეს იმ დროს, როდესაც ჩვენ ამ პრობლემებს ძალიან სერიოზულად ვუყურებთ, რამდენადაც ბაზარზე მოწესრიგებული არ არის როგორც ხორბლის იმპორტი, ისე ადგილობრივი წარმოება,“ -აცხადებს ლევან სილაგავა.
ლევან სილაგავა იმ პრობლემებზეც საუბრობს, რასაც ტექნიკური რეგლამენტი მოაწესრიგებს და აცხადებს, რომ ქვეყანაში ხორბლის მარაგებთან დაკავშირებით არსებული სტატისტიკა არაზუსტია, რადგან არ ხდება არც ადგილობრივად წარმოებული და არც იმპორტული ხორბლის გრადაცია.
„როდესაც იმპორტირებული ხორბალი შემოდის ქვეყანაში, არ ფიქსირდება, თუ რა სახის, სასურსათო ხორბალია თუ საფურჟე. შესაბამისად, ვერც სტატისტიკაში და ვერც მარაგებში ვერ ხდება იმის გათვალისწინება, თუ რა ტიპის ხორბალი შემოდის იმპორტის გზით. იგივე კონკურენციის სააგენტოს მხრიდან მარაგებზე კითხვები როდესაც არსებობს, სტატისტიკაში არეულია ეს მარაგები, საბაჟოზე წერია, რომ ხორბალი შემოვიდა, მთლიანად ისეა გათვალისწინებული, თითქოს ეს არის სასურსათო ხორბლის მარაგი, ამ დროს კი ფაქტობრივად, სასურსათო ხორბლის მარაგი შესაძლოა, სულ სხვა რაოდენობის იყოს,“-აცხადებს სილაგავა.
მისივე თქმით, ხორბლის ტექნიკური რეგლამენტი არ არის ზედმეტი რეგულაცია და ის ევროკავშირის ქვეყნებშიც მოქმედებს.
„ტექნიკური რეგლამენტი არაა რაიმე კუთხით ხელშემშლელი ან ზედმეტი რეგულაცია. ეს რეგლამენტი სერიოზული მექანიზმია, რომელიც ხარისხის კუთხით არსებულ სიტუაციას აწესრიგებს და ბაზარზე კონკურენციის პირობების არსებობას უზრუნველყოფს, ასევე მისი ამოქმედების შედეგად შესაძლებელი იქნება ხორბლის მარაგების ადეკვატურად შეფასება, რათა ვიცოდეთ სტრატეგიული პროდუქტი რამდენი გვაქვს ქვეყანაში, რომ ისეთივე პრობლემები არ შეიქმნას, როგორიც ეს გასული წლის დეკემბერში იყო. ამ რეგლამენტებით მუშაობს ევროკავშირის ბაზარი და ის ბაზრები, საიდანაც ხორბალი შემოგვაქვს. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია. არსებობს კითხვები, თუ რატომ არ ღებულობენ ამ რეგლამენტს ,“-აცხადებს სილაგავა.
თავის მხრივ, ხორბლის ტექნიკური რეგლამენტის ავტორები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეორნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ხორბლის ტექნიკური რეგლამენტი უკვე 1 წელია მზადაა, თუმცა კითხვაზე, როდის ამოქმედდება რეგლამენტი, რომელსაც ბიზნესი დიდი ხანია ელის, პასუხი არ აქვთ.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტის უფროსმა, თენგიზ კალანდაძემ განუცხადა, რეგლამენტი შესაბამის უწყებებსა და ბიზნესს გადაეგზავა და განხილვის პროცესი მიმდინარეობს.
„ჩვენი ფუნქცია იყო პროექტის მომზადება და უკვე 1 წელია რეგლამენტი მოვამზადეთ. როდის ამოქმედდება ხორბლის ტექნიკური რეგლამენტი, ვერ გეტყვით, მაგრამ სამინისტროში მომზადდა რეგლამენტის პროექტი, მიწოდებულია სხვადასხვა უწყებებისთვის, არასამთავრობოო ორგანიზაციებისთვის, ბიზნესისთვის და მიმდინარეობს მისი განხილვა. ამოქმედება დამოკიდებულია განხილვის პროცესებზე, ამის შემდეგ გადაწყდება რა მსვლელობა მიეცემა პროცესებს ,“-აცხადებს კალანდაძე.
რაც შეეხება საკითხს, ნორმალურია თუ არა, რომ 1 წლის წინ მომზადებული რეგლამენტი დღემდე არ შევიდა ძალაში, თენგიზ კალანდაძე აცხადებს, რომ ზოგ შემთხვევაში უფრო დიდხანსაც გაგრძელებულა განხილვის პროცესი და მაგალითად რძის ტექნიკური რეგლამენტი მოჰყავს, რომელიც 3 წლიანი განხილვის პროცესის შემდეგ ამოქმედდა.