საქართველოში ექიმების რაოდენობა ექთნებისას თითქმის ორჯერ აღემატება. ეს მაშინ, როდესაც მსოფლიოში ერთ ექიმზე საშუალოდ , 4 ექთანი მოდის. ქართული ჯანდაცვის აღნიშნული ნაკლოვანების შესახებ წლებია საუბარი მიმდინარეობს, თუმცა პრობლემის მოგვარება ჯერ კიდევ ვერ ხერხდება. მართალია, საქსტატის მონაცემებით, ბოლო წლებში ექთნების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა ამის პარალელურად მზარდი იყო ექიმების რაოდენობაც, შესაბამისად, არსებული თანაფარდობა არ შეცვლილა.
კერძოდ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემის მიხედვით, ბოლო 5 წლის განმავლობაში ქვეყანაში ექიმების რაოდენობა 8,4 ათასით, დაახლოებით, 37%-ით გაიზარდა, მაშინ, როცა ექთნების ზრდის მაჩვენებელმა თითქმის, 16% შეადგინა და 2018 წელს, 2014 წელთან შედარებით, მხოლოდ 2,4 ათასით მოიმატა.
რაც შეეხება ექიმებისა და ექთნების კონკრეტულ რაოდენობებს წლების მიხედვით, ასეთია:
ექიმების რაოდენობა
ექთნების რაოდენობა
2018 წელს გაიზარდა როგორც ექთნების, ასევე ექიმების რაოდენობაც, თუმცა თანაფარდობა ფაქტობრივად, არ შეცვლილა - ექიმები ექთნებს ისევ სჭარბობენ. კერძოდ, ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში 18 075 ექთანი და 31 357 ექიმია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ექთნების სერიოზული დეფიციტი გვაქვს.
სამედიცინო და დაზღვევის ექსპერტი სერგოი ჩიხლაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ექთნების დეფიციტის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დაბალ ანაზღაურებას ასახელებს. მისი თქმით, დღეს საქართველოში ექთნებს იმდენად მიზერულ თანხაზე უწევთ მუშაობა, რომ აღნიშნული პროფესიისადმი ინტერესი მინიმალურია.
„ექთნებისა და ექიმების თანაფარდობა ბოლო წლების განმავლობაში თითქმის არ შეცვლილა. კერძოდ, 1 ექიმზე, საშულოდ, 0,7-0,8 ექთანი მოდის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ექთნები ფაქტობრივად, არ გვყავს, ეს მაშინ, როდესაც ჩვენთან ექიმები გაცილებით მეტია, ვიდრე ნებისმიერ ევროპულ ქვეყნაში (100 000 მოსახლეზე თუ გადავთვლით). საერთოდ კი, თანაფარდობა საშუალოდ უნდა იყოს 1/3-ზე. თუმცა, არის ევროპული ქვეყნები, სადაც 1 ექიმზე 4-ზე მეტი ექთანიც კი მოდის.
ჩვენთან ეს პრობლემა წლებია გრძელდება და ამის ერთ-ერთი მთვარი მიზეზი ექთნის პროფესიის დაუფასებლობაა. დღეს მათი ანაზღაურება იმდენად მიზერულია, რომ ადამიანები უბრალოდ არ მიდიან ამ პროფესიაში. თუ წინასწარ იცი, რომ წინ 200-300 ლარიანი ხელფასი გელოდება, რა თქმა უნდა, მას არ აირჩევ“,-აცხადებს სერგო ჩიხლაძე.
მისი თქმით, ამ ვითრებაში შესაძლოა, სახელმწიფო კლინიკების საქმინობაში პირდაპირ ვერ ჩაერიოს, თუმცა მას შეუძლია გარვეული ჩარჩო-დოკუმენტი შეიმუშაოს, რომლის მიხედვითაც ექთნებისა და ექიმების თანაფარდობა კლინიკის მომსახურების ხარისხის ერთ-ერთი ინდიკატორი იქნება.
„სახელმწიფომ შეიძლება კლინიკა პირდაპირ ვერ დაავალდებულოს, რომ მეტი ექთანი აიყვანე და შესაბამისი ხელფასი გადაუხადე. თუმცა, მას აქვს იმის ბერკეტი, რომ ექთნის პროფესიის სტიმულირება მოახდინოს. შესაბამისად, ეს საქმიანობა გახდეს უფრო პრესტიჟული და თვითონ კერძო სექტორიც იყოს დაინტერესებული, რომ ჰყავდეს შესაბამისი რაოდენობის ექთნები. მაგალითად, თუ ხედავ, რომ კლინიკაში 100 ექიმია და 20 ექთანი, იქ შეიძლება ითქვას, რომ ასეთ სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტს მაღალი სტანდარტის სერვისი ვერ მიეწოდება. ეს შეიძლება მიებას ხარისხის სტანდარტს. დიდი ხანია სპეციალისტები ვსაუბრობთ, რომ არ არსებობს არანაირი ხარისხის სატანდარტი და ძალიანაც რომ გინდოდეს, კლინიკას ვერ შეამოწმებ, თუ რა ხარისხის მომსახურებას აწოდებს. სწორედ ექთნებისა და ექიმების თანაფარდობა შეიძლება იყოს მომსახურების მაღალი ხარისხის ერთ-ერთი ინდიკატორი. თუკი სახელმწიფო შეიმუშავებს ერთიან ჩარჩო დოკუმენტს, ამით შემოწმდება ყველა კლინიკა და უკვე შესაძლებელი იქნება, რომ განსაზღვროთ როგორია ამა თუ იმ კლინიკაში მომსახურება. მითუმეტეს, რომ საექთნო მოვალეობები ძალიან ბევრია და ხშირ შემთხვევაში ექთანი გაცილებით მეტ დროს ატარებს პაციენტთან, ვიდრე ექიმი, რადგან ექიმის მოვალეობა არ არის გარკვეული პროცედურები ჩაუტაროს პაციენტს, ეს იქნება გადასხმა თუ ა.შ. შესაბამისად, ხარისხის მაჩვენებლი თავისთავად დაიყვანება ექიმი-ექთნის თანაფარდობაზე“,-აცხადებს სერგო ჩიხლაძე.
სპეციალსიტის თქმით, თუ ქვეყანაში არ შემუშავდება სწორი პოლიტიკა, რომლითაც კლინიკებისა და ექთნების სტიმულირება მოხდება, აღნიშნული პრობლემა მუდმივად დღის წესრიგში იდგება.
„სანამ ეს არ იქნება საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცეული, მანამდე ვერცერთ კლინიკას ვერ დაავალდებულებ ექთნების რაოდენობა გაზარდოს. როდესაც ეს დოკუმენტი იარსებებს, კლინიკა თვითონ იქნება მოტივირებული, რომ მომსახურების მაღალი ხარისხი დადოს, შესაბამისად, ექთნებისა და ექიმების თანაფარდობაც მოაგვაროს. თუმცა, თუ ექთნებს დაბალ ანაზღაურებას შესთავაზებს, მათ ვერ მიიზიდავს, ამიტომ, ამითაც მოტივირებული იქნება, რომ შესაბამისი პირობები შესთავაზოს.
ამ ყველაფერში სახელმწიფოს როლია, რომ სწორი პოლიტიკა შეიმუშაოს, რომელსაც შემდგომ ყველა კლინიკა დაექვემდებარება. რა თქმა უნდა, ეს გარკვეულ დროს მოითხოვს, რადგან საჭიროა შესაბამისი კადრების გადამზადება, სასწავლო პროგრამების გადახედვა და ა.შ. თუმცა, ეს პროცესი უნდა დაიწყოს, სხვანირად პრობლემა ვერ მოგვარდება“,-აცხადებს სერგო ჩიხლაძე.