ყოველთვის ვამბობდით, რომ ყალბი დოკუმენტი იყო და სამხარაულის დასკვნითაც დადასტურდა, რომ ხელმოწერა ხალვაშს არ ეკუთვნის. ეს ჩემი აზრით, იქნება ერთ-ერთი ძირითადი მტკიცებულება, რასაც სასამართლო უნდა დაეყრდნოს, როდესაც მსჯელობა ეხება ოქრუაშვილის სარჩელს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა, პაატა სალიამ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც, ირაკლი ოქრუაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის ბერლინში გაფორმებულ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა ქიბარ ხალვაშს არ ეკუთვნის.
როგორც ქიბარ ხალვაშის ადვოკატი აცხადებს, ექსპერტიზის დასკვნა სასამართლოს გადაეგზავნა და შესაბამისად, საქმის წარმოება განახლდება და გაგრძელდება დავა დაახლოებით 10 მილიონ დოლართან დაკავშირებით, რომელიც თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის მტკიცებით, მან ქიბარ ხალვაშს ასესხა.
„სამართლებრივად და პროცესუალურად, საქმე შეჩერებული იყო იმის გამო, რომ საქმე იყო გადაგზავნილი ექსპერტიზაზე. შესაბამისად, რადგან შედგა ექსპერტიზის დასკვნა, ეს დასკვნა უკვე გადაეგზავნა სასამართლოს, საქმის წარმოება განახლდება, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვეულებრივი სასამართლო პროცესი წარიმართება. სამხარაულის დასკვნა არის ერთ-ერთი მტკიცებულება სასამართლოსთვის, წინასწარ დადგენილი ძალა არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს. ჩვეულებრივად გაგრძელდება დავა ირაკლი ოქრუაშვილის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რაც არის დაახლოებით 10 მილიონი აშშ დოლარის მოთხოვნა ქიბარ ხალვაშის მიმართ,“-აცხადებს პაატა სალია.
მისივე თქმით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა არის ერთ-ერთი ძირითადი მტკიცებულება. ამასთან სალიას თქმით, ოქრუაშვილის მიერ თითქოს ხალვაშისთვის ნასესხები თანხები სხვა სახითაც უნდა დასტურდებოდეს, გარდა იმისა, რომ თითქოს ხალვაშმა მოაწერა რაღაც დოკუმენტს ხელი, „რამდენადაც ოქრუაშვილი იმ დროს საჯარო მოხელე იყო და ეს თანხები ლეგალურად, შესაბამისად დაფიქსირების გარეშე ვერ ექნებოდა“.
რაც შეეხება, ოქრუაშვილის ადვოკატის განცხადებას, რომ ხალვაშის ხელმოწერის ნამდვილობის დასადასტურებლად საზღვარგარეთ განმეორებით ექსპერტიზის მოთხოვნას აპირებს, პაატა სალია აცხადებს, რომ განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარების საფუძველს ვერ ხედავს.
„როდესაც სასამართლოში დავაყენე შუამდგომლობა, რომ სამხარაულის ბიუროში ჩატარებულიყო ექსპერტიზა, ოქრუაშვილის მხარე დამეთანხმა, ექსპერტიზაზე თვითონაც იყო ადვოკატი მოსული, დანიშნა ყველა გვერდი, რომელზეც ხალვაშმა ხელი მოაწერა და ახლა უნდობლობას უცხადებენ. საზღვარგარეთაც რომ იგივე დაადგინოს ექსპერტიზამ და იმასაც უნდობლობა გამოუცხადონ, ასე უსასრულოდ შეიძლება გავაგრძელოთ. მე ვთვლი რომ ახლა, ამ ჯერზე, იმ სამი ექსპერტიზის შემდეგ, რაც ჩაატარა ოქრუაშვილის მხარემ, ჩატარდა სრული ექსპერტიზა საექსპერტო დაწესებულებაში ყველა სტანდარტის დაცვით, არ ვიცი რა საფუძველი არსებობს იმისა, რომ კიდევ ერთი ექსპერტიზა ჩატარდეს. ასე უნდობლობა შესაძლოა ყველაფერს გამუცხადო და აბსურდამდე მივალთ.
რა თქმა უნდა, ჩვენ დარწმუნებული ვიყავით და პროკურატურისთვისაც გვაქვს მიმართული იმასთან დაკავშირებით, რომ ოქრუაშვილის მიერაა სავარაუდოდ, ეს დოკუმენტი გაყალბებული და ამას გამოძიება დაადგენს ,“-აცხადებს სალია.
მისივე თქმით, თუ ოქრუაშვილის მხარე სასამართლოში დაასაბუთებს, რატომაა სამხარაულის დასკვნა არასანდო და შეუსაბამო, შეუძლიათ დამატებითი ექსპერტიზა მოითხოვონ.