სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ლევან გოგოძე აცხადებს, რომ სოციალური მუშაკების სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად მყისიერი ნაბიჯები გადაიდგა.
გოგოძე არ ეთანხმება ერთ-ერთი სოციალური მუშაკის განცხადებას, რომ რეგიონებში სოციალურ მუშაკებს ტრანსპორტის პრობლემა აქვთ. მისი თქმით, მათ ავტომობილები, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში ემსახურება.
„თბილისის მასშტაბით ოთხი ავტომანქანა ყოველდღიურად მიმაგრებულია სოციალურ მუშაკებზე, ერთი ავტომანქანა მორიგეა, რომელიც თუ საჭიროება მოითხოვს, ჩაერთვება მუშაობაში. ასევე, თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტზე ერიცხებათ ოცი ლარი. ასევე ათი მანქანა მიმაგრებულია ათ რეგიონზე და საჭიროების შემთხვევაშ, ი კიდევ ვახმართ ავტომანქანებს, ასევე, ექვს ტაქსის კომპანიასთან არის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც 24 საათიან რეჟიმში ემსახურება სოციალურ მუშაკებს და 51 ტაქსის მძღოლთან, რომლებიც ასევე, ამ პირობებით ემსახურებიან. მომსახურების თანხას ანაზღაურებს სრულიად მომსახურების სააგენტო”,- განაცხადა ლევან გოგოძემ.
რაც შეეხება ფსიქოლოგებს, გოგოძის თქმით, თბილისში ორი ფსიქოლოგი მუშაობს, ხოლო რეგიონებში ეტაპობრივად ემატება.
„ფსიქოლოგებთან დაკავშირებით ჩვენ თბილისში, იმერეთში და კიდევ ერთ რეგიონში დავამატეთ ფსიქოლოგები. რეგიონებში არის თითო ფსიქოლოგი, აჭარაში გამოცხადებული გვაქვს ვაკანსია, ვმუშაობთ ამ საკითხზე, მოგესენებათ, საშტატო განრიგით უცებ და მყისიერად ფიზიკურად შეუძლებელია, შესაძლებლობის ფარგლებში, აუცილებლად გავაკეთებთ“,- განაცხადა გოგოძემ.
ამასთან, როგორც გოგოძე აცხადებს, სოციალური სამსახურის ეფექტური მუშაობის მიზნით, სამსახურს ჩამოშორდა ის საქმეები, რაც არ შედიოდა მის კომპეტენციაში.
ასევე, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით მოეწყო 25 ოფისი, სადაც სოციალურ მუშაკებს შეეძლებათ ბავშვებთან შეხვედრები.
„სოციალურ მუშაკებს ჰქონდათ პრობლემები ბავშვთან სამუშაო ოთახების მოწყობის. ჩვენ ეს მყისიერად დავიწყეთ და ჯამში 25 ოფისი უკვე მოვაწყვეთ და კიდევ ვმუშაობთ ამ მიმართულებით“,- განაცხადა გოგოძემ.
რაც შეეხება ხელფასებს, გოგოძე აცხადებს, რომ სოციალური მუშაკების ხელფასების ზრდა 2020 წლიდან მოხდება.
„ჩვენგან არ იყო შეპირება 2019 წელს ხელფასის ზრდის, ხოლო 2020 წლიდან ჩვენი დაპირება, ასევე მყისიერად შესრულდება და ეტაპობრივად, გრაფიკის მიხედვით ეს უკვე გათვალისწინებული გვაქვს, ყოველდღიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით და ესეც შესრულებული იქნება“,- აცხადებს გოგოძე.