საგამოძიებო სამსახურმა ყალბი მართვის მოწმობის დამზადება - გასაღების ფაქტზე  ერთი პირი დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აჭარის რეგიონში, ყალბი მართვის მოწმობის დამზადება - გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, დაამზადა და 150 აშშ დოლარად გაასაღა ავტომანქანის მართვის ყალბი მოწმობა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამატებით ამოღებულია ავტომანქანის მართვის ორი ცალი ყალბი მოწმობა და მის დასამზადებლად საჭირო სხვადასხვა სახის ტექნიკური მოწყობილობა.

გამოძიება საქართველოს სს კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.