რასაც ახლა იგონებენ ხაზარაძის წინააღმდეგ, აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო მჯერა ხაზარაძის კვალიფიციურობის თავის ბიზნესში. ის წარმატებული ბიზნესმენია, ადამიანი, რომელიც საზოგადოებაში ცნობილია, ძალიან ბევრი ადამიანი მისით მადლიერია და ეს მნიშნველოვანი კაპიტალია. როგორც იცით, ბიძინა ივანიშვილმაც ამ კაპიტალზე დააფუძნა თავის მოძრაობა წინა ხელისუფლების წინააღმდეგ,-ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.
გიორგი მარგველაშვილმა მამუკა ხაზარაძის მიერ საზოგადოებრივი მოძრაობის დაარსებაზე და მისი პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლის პერსპექტივებთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ ხაზარაძეს გარკვეული წინაპირობები აქვს და ივანიშვილის შემთხვევას შეადარა, როდესაც ივანიშვილი ხელისუფლებაში მოდიოდა.
"ხაზარაძეს არ ვიცნობ, რომ ამაზე კვალიფიციური პასუხი გაგცეთ. ასე პირადად არ ვიცნობ, რამდენჯერმე ვარ შეხვედრილი, ნაცნობები ვართ, არც მეგობრები ვართ, არც ერთად გვიკეთებია საქმე, მაგრამ ძალიან გვერდიდან რომ შევაფასო, ხაზარაძე არის ადამიანი, რომელმაც შეძლო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესის გაკეთება საქართველოში. აბსოლუტურად აბსურდული 11 წლის წინანდელი რაღაცა, რასაც ატრიალებენ, ვითომ ისეთი სამართლებრივი სახელმწიფოს სტანდარტებს ატრიალებენ, რომელიც ბუნებაში, მსოფლიოში არ არსებობს და უგონებენ. რასაც ახლა იგონებენ ხაზარაძის წინააღმდეგ, აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო მჯერა ხაზარაძის კვალიფიციურობის თავის ბიზნესში, ის წარმატებული ბიზნესმენია, ადამიანი, რომელიც საზოგადოებაში ცნობილია, ძალიან ბევრი ადამიანი მისით მადლიერია და ეს მნიშვნელოვანი კაპიტალია. როგორც იცით, ბიძინა ივანიშვილმაც ამ კაპიტალზე დააფუძნა თავის მოძრაობა წინა ხელისუფლების წინააღმდეგ. ანუ, ეს წინაპირობები აქვს და ხაზარაძეს ფული აქვს",-განაცხადა მარგველაშვილმა.
ყოფილმა პრეზიდენტმა მამუკა ხაზარაძეს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ ძალიან უკვირს, როდესაც ახალი პოლიტიკოსები გაჩნდებიან და მათ წინააღმდეგ და "დასაბომბად" ყველა ერთიანდება.
"ჩვენ თუ გვეყოლება პოლიტიკოსი ხაზარაძე, ბურჭულაძე და ა.შ ეს ქვეყნის სიმდიდრეა, ხალხო, და არა ის, რომ მოდი, ყველა გავანადგუროთ და ყველა იყოს ერთი პოლიტიკური ძალის მონა. ეს არის ანტიქართული, ანტიჩვენი კულტურაა, რომ ყველა ვიყოთ ერთის მონა. სხვასხვები?-ღმერთმა გააძლიეროს და ეს იქნება ჩვენი პოლიტიკური სისტემის სიძლიერე",-აღნიშნა ყოფილმა პრეზიდენტმა.