დონალდ ტრამპი იმ ქვეყნებს, რომლებიც აშშ-ში მოგზაურობის მსურველებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ, საპასუხო ქმედებით ემუქრება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმ ქვეყნებსა და ორგანიზაციებს, რომლებმაც შეერთებულ შტატებში მოგზაურობის მსურველებისთვის სპეციალური გაფრთხილებები გამოსცეს, საპასუხო ქმედებით ემუქრება, - ამის შესახებ ინფორმაციას USA Today ავრცელებს.

„ჩვენ ნაცვალგების პრინციპზე დაფუძნებული ერი ვართ. როცა ვინმე ჩვენი ქვეყნის მიმართ რაიმე ნეგატიურს ჩადის, ჩვენც იგივეს ვაკეთებთ მათ მიმართ“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის გერმანიამ, კანადამ, ირლანდიამ, ახალმა ზელანდიამ, ურუგვაიმ, ვენესუელამ და იაპონიამ, აშშ-ში ბოლო პერიოდში განხორციელებული ორი გახმაურებული მასობრივი სროლის შემდეგ შეერთებულ შტატებში მოგზაურობის მსურველებისთვის სხვადასხვა სახის გაფრთხილებები გამოსცეს.

ტურისტებს სიფრთხილისკენ მოუწოდა ორგანიზაცია Amnesty International-მაც. „ტურისტებმა შეერთებულ შტატებში მოგზაურებისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, ვინაიდან ქვეყანა სათანადო არ იცავს ხალხის უსაფრთხოებას, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი. შეერთებულ შტატებში შეუძლებელია გქონდეს იმის გარანტია, რომ არ გესვრიან,“ - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.