ვინ არის და რა ქონებას ფლობს საპენსიო სააგენტოს მთავარი რისკის ოფიცერი

საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლევან სურგულაძემ მთავარი რისკის ოფიცრად ბაქარ მარუაშვილი წარადგინა. როგორც ცნობილია, ის ამ თანამდებობაზე რამდენიმე დღის წინ დაინიშნა. მანამდე, ბაქარ მარუაშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კაპიტალის ბაზრის განვითარების და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

„ბიზნესპრესნუსი“ დაინტერესდა, ვინ არის და რა ქონებას ფლობს საპენსიო სააგენტოს ახალი მთავარი რისკის ოფიცერი. ბაქარ მარუაშვილს განათლება მიღებული აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებში, რისკების მართვის და ფინანსების მიმართულებით. იგი მუშაობდა ბანკ „რესპუბლიკაში“, სადაც ფინანსური რისკების მართვას ხელმძღვანელობდა.

ამასთან, მას საკუთარი კომპანია ჰქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. საპენსიო სააგენტოში რისკების მართვის უფროსად დანიშვნამდე კი, ეკონომიკის სამინისტროში კაპიტალის ბაზრის განვითარების და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის ხელმძღვანელად მუშაობდა.

რაც შეეხება ბაქარ მარუაშვილის ქონებას, როგორც მიმდინარე წლის 26 ივლისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, მას წინა სამსახურში თანამდებობაზე მიღებული სახელფასო სარგოს ოდენობა მითითებული არ აქვს. ამასთან, ბაქარ მარუაშვილის სახელზე არ ფიქსირდება არც უძრავ-მოძრავი ქონება.

როგორც დეკლარაციაში ვკითხულობთ, მისი მამის, ზაზა მარუაშვილის სახელზეა გაფორმებული 1996 წელს, 130 000 დოლარად შეძენილი საცხოვრებელი სახლი თბილისში. ისევე როგორც ორი ავტომობილი: 2018 წელს, 14 000 დოლარად შეძენილი Mercedes ML და DODGE, რომლის ღირებულება 10 000 დოლარია. ასევე მამის სახელზეა გაფორმებული სამი ფერწერული ტილო, რომელთა ჯამური ღირებულება 39 000 დოლარს შეადგენს.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ბაქარ მარუაშვილის სახელზეა მხოლოდ ანგარიში „ვი-თი-ბი ბანკში“. კერძოდ, მას დეკლარაციის შევსების მომენტში, მიმდინარე ანგარიშზე 3537 ლარი ჰქონდა. ამასთან, ბაქარ მარუაშვილი გარკვეული რაოდენობის წილებს ფლობს რამდენიმე კერძო კომპანიაშიც.

ნინი ქეთელაური