3 ტექნოლოგია, რომელიც კაცობრიობის მომავალს შეცვლის

დღესდღეობით თანამედროვე ტექნოლოგიებმა ჩვენი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა და მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მის გამარტივებას. TheCEOmagazine-ის კვლევის მიხედვით, ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვან გამოგონებებად პერსონალური კომპიუტერი, ინტერნეტი და მობილური ტელეფონი დასახელდა. პოპულარული გამოცემის ამ სტატიაში განხილულია 3 მნიშვნელოვანი გამოგონება, რომელიც მომავალში ჩვენს ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის.

ხელოვნურად შექმნილი ხორცი

დღესდღეობით პლანეტის დასამუშავებელი მიწების დაახლოებით 1/3 სოფლის მეურნეობაში გამოიყენება. ამ ტერიტორიის 3/4 კი სხვადასხვა ჯიშის შინაური ცხოველების საძოვრებს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, ხმელეთის ძალიან დიდი ნაწილი გამოიყენება იმისათვის, რომ მოსახლეობის გამოსაკვებად საკმარისი ხორცის პროდუქტები მივიღოთ. მეცნიერები წლებია მუშაობენ ხელოვნური ხორცის შექმნაზე, რომელიც ნამდვილს ჩაანაცვლებს.

აღსანიშნავია, რომ მათ გარკვეულ პროგრესს უკვე მიაღწიეს, თუმცა ჯერჯერობით ხელოვნურად შექმნილი ხორცი ნამდვილს კვებითი ღირებულებებით ჩამოუვარდება. ისინი იმედს გამოთქვამენ, რომ ნამდვილის იდენტურ პროდუქტს უახლოეს მომავალში შექმნიან, რაც ნამდვილი გადატრიალება იქნება ადამიანების კვების რაციონში.

რობოტები

დღეისათვის არაერთ საწარმოსა თუ ქარხანაში იყენებენ რობოტებს და წარმოების სხვადასხვა სფეროში მათ უკვე შეძლეს ადამიანების ჩანაცვლება. მათი გამოყენება გაცილებით უფრო პროდუქტიულია და შესაძლებლობას იძლევა წარმოების პროცესი კვირაში 7 დღე, 24-საათიან რეჟიმში წარიმართოს.

მეცნიერები აცხადებენ, რომ ზოგიერთ სფეროში უახლოეს მომავალში მთლიანად იქნება შესაძლებელი ადამიანების რობოტებით ჩანაცვლება, რის უარყოფით მხარესაც მილიონობით ადამიანის სამსახურის გარეშე დარჩენა წარმოადგენს.

სითბური ენერგია

მეცნიერები აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით მუშაობასა და სასურველი შედეგის მიღწევას ათობით წელი დასჭირდება, თუმცა შედეგად მივიღებთ უზარმაზარი რაოდენობის ელექტროენეგიას, რომელზეც მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება. თანაც ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით სითბური ენერგიის გამომუშავების დროს რადიოაქტიური ნარჩენები და სხვა საფრთხის შემცველი ნივთიერებები არ გამოიყოფა.

მოამზადა ბექა ბერიაშვილმა