საპენსიო სააგენტოს დირექტორი - საპენსიო ფონდში არსებული თანხის ინვესტირების პროცესი სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს დაიწყება

ვფიქრობთ, რომ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი მზად უნდა იყოს სექტემბერში და პრაქტიკულად უკვე, სექტემბრის ბოლოდან უნდა დავიწყოთ საინვესტიციო პროცესი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლევან სურგულაძემ განუცხადა.

როგორც ლევან სურგულაძე განმარტავს, საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხების ინვესტიცრების პროცესი სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს დაიწყება, იქამდე კი საპენსიო დანაზოგი საბანკო ანგარიშებზეა განთავსებული და სარგებლის სახით 7% ერიცხება.

მისივე თქმით, ინვესტირების პროცესი არ გვიანდება და საჭირო იყო გარკვეული თანხის დაგროვება, რომელიც დივერსიფიცირებული საინვესტიციო პორტფელის შექმნისთვის იქნებოდა საკმარისი.

„ყველაფერი მოხდება ისე, როგორც კანონშია გაწერილი. კანონით გაწერილი არაა, როდის უნდა დაიწყოს ინვესტირების პროცესი. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესისთვის ჯეროვნად მოვემზადოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა დაკომპლექტდეს სააგენტო იმ სტრუქტურებით, რომელთა არსებობაც წინაპირობაა საინვესტიციო პროცესის დასაწყებად. დაგვიანებული არაა, აუცილებელი არაა დეკემბერში ან იანვარში გვყოლოდა საინვესიტიცო საბჭო ან რისკის ოფიცერი, ჩვენ ეს დაგეგმილად გავაკეთეთ იმიტომ, რომ მცირე თანხებით ვერ შევქმნით საკმაოდ დივერსიფიცირებულ საინვესტიციო პორტფელს“, - განაცხადა ლევან სურგულაძემ.