პაატა სალია „რუსთავი 2“-ის გაყიდვაზე - ქიბარ ხალვაში ამ ნაბიჯს იმიტომ დგამს, რომ კომპანიამ გააგრძელოს ფუნქციონირება და არ მოხდეს მისი გაკოტრება

ქიბარ ხალვაში ამ ნაბიჯს დგამს იმის გამო, რომ ამ კომპანიამ გააგრძელოს ფუნქციონირება და არ მოხდეს მისი გაკოტრება, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, კომპანია იყიდება აქტივებისა და პასივების თანაფარდობის გათვალისწინებით.

„ძალიან ბევრი სპეკულაციაა იმასთან დაკავშირებითაც, რომ ქიბარ ხალვაშის დროს, როცა ტელეკომპანია „რუსთავი 2” მისი საკუთრება იყო, თითქოს იგი სამი ოთახიდან მაუწყებლობდა და დღეს აქვს ძალიან დიდი ქონება, ციფრები ჯიუტია და ის მეტყველებს შემდეგზე - დოკუმენტურად დადასტურებული იყო, რომ იმ პერიოდში, როცა ქიბარ ხალვაშს დაათმობინეს წილები, როგორც მინიმუმ ბრენდის ღირებულების გარეშე, მხოლოდ აქტივების და პასივების თანაფარდობა იყო დადებითი, იყო 7 მილიონი ლარი. ანუ მხოლოდ აქტივებისა და პასივების თანაფარდობიდან გამომდინარე მაშინ კომპანიის 100%-ის ღირებულება შეადგენდა 7 მილიონ ლარს. დღეის მდგომარეობით, თუ ჩვენ დავაჯამებთ აქტივებს და პასივებს, როგორც მინიმუმ მინუს 30 მილიონ ლარს მივიღებთ. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა კომპანიისა და დღეს სწორედ ეს აიძულებს ქიბარ ხალვაშს მიიღოს გადაწყვეტილება, რომ კომპანია გადარჩეს და არა იმიტომ, რომ ამ ტერიტორიაზე ვინმემ მშენებლობა დაიწყოს, ეს არის აბსურდი და გამორიცხული. ქიბარ ხალვაში ამ ნაბიჯს დგამს იმის გამო, რომ ამ კომპანიამ გააგრძელოს ფუნქციონირება და არ მოხდეს მისი გაკოტრება. თქვენ ამას, იმ საჯარო პროცესისას, რომელიც წარიმართება პოტენციურ მყიდველებთან, აუცილებლად დაინახავთ“, - განაცხადა პაატა სალიამ.