რისკის კონტროლის სტრუქტურა იქნება დამოუკიდებელი ორგანო, - ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს მთავარი რისკის ოფიცერმა ბაქარ მარუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნა მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა.
,,საპენსიო რეფორმა ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცვლილებაა, რომელიც ერთი მხრივ, ზრდის მომავალ პენსიონერთა კეთილდღეობას, ხოლო მეორე მხრივ, ზრდის შიდა ფინანსური კაპიტალის ფორმირებას“,- განაცხადა ბაქარ მარუაშვილმა.
ამასთან, მთავარი რისკის ოფიცერმა აღნიშნა, რომ რისკის კონტროლი იქნება დამოუკიდებელი სტრუქტურა. მან საზოგადოებას სამოქმედო გეგმა წარუდგინა.
,,ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება, რომ შემოწმდეს საინვესტიციო პროცესების შეფარდება და შესაბამისობა საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტთან. ასევე, მინდა მოგახსენოთ, რისკის კონტროლის პროცესი. პირველ რიგში, რისკის პოლიტიკა უნდა შემუშავდეს, სადაც როგორც ფინანსური, ასევე საოპერაციო რისკები აღიწერება. შემდეგ ამ რისკ-ფაქტორებთან მიმართებით აუცილებელია შემუშავდეს დათვლის მეთოდოლოგიები. აქედან გამომდინარე, პერიოდულად ჩვენ შევძლებთ, რომ პორტფელის რისკის საერთო პროფილი დავთვალოთ და შევადაროთ საინვესტიციო დოკუმენტში არსებულ ლიმიტებს. რისკის რეპორტინგი იქნება აბსოლუტურად გამჭირვალე, როგორც საზოგადოებისთვის, ასევე საპენსიო სქემაში მონაწილე მხარეებისთვის“, - განაცხადა ბაქარ მარუაშვილმა.
აღნიშნულ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.