GLOBAL FINANCE-მა კობა გვენეტაძე ცენტრალური ბანკების საუკეთესო მმართველთა შორის მეორედ დაასახელა

მსოფლიოს წამყვანმა ფინანსურმა გამოცემამ, Global Finance-მა, წელსაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე 2019 წლის ცენტრალური ბანკების საუკეთესო მმართველთა შორის დაასახელა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

საერთაშორისო ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა Global Finance-მა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი თავის შეფასებაში პირველად 2018 წელს ჩართო და, ამ კრიტერიუმების მიხედვით, ის წელსაც, შარშანდელის მსგავსად A- შეფასებით ცენტრალური ბანკის მმართველების იმ ელიტარულ კლუბში მოხვდა, რომელთაც A და A- შეფასება მიიღეს.

Global Finance-ის დაჯილდოება საერთაშორისო ფინანსურ საზოგადოებაში ფართოდაა აღიარებული და დაჯილდოებული პირებისა და ბანკების მაღალ რეპუტაციასა და წარმატებულ საქმიანობაზე მიუთითებს. ცენტრალური ბანკების მმართველების შეფასება ცენტრალური ბანკის მიერ განხორციელებული პოლიტიკის რამდენიმე მიმართულებას ეფუძნება.

კობა გვენეტაძესთან ერთად აღნიშნულ კატეგორიაში არიან: ევროპის ცენტრალური ბანკის (მარიო დრაგი), ასევე, დიდი ბრიტანეთის (მარკ ქარნი), აშშ-ის (ჟერომ პაუელი) და სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები.

ცენტრალური ბანკის მმართველთა დაჯილდოების ცერემონია 19 ოქტომბერს, ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში გაიმართება და ამ ცერემონიაში, 21 საუკეთესო ბანკირთან ერთად, მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძეცაა მიწვეული.

2019 წლის Central Banker Report Cards-ში 98 ცენტრალური ბანკირი შეფასდა და სრული ანგარიში ოქტომბერში გამოქვეყნდება.

"ცენტრალური ბანკების პრეზიდენტები მორიგი შესაძლო რეცესიის საფრთხის წინაშე დგანან და მათ ნაკლები შეიარაღება აქვთ დარჩენილი ამ საფრთხესთან შესაბრძოლებლად, ზოგიერთ შემთხვევაში კი განიცდიან უპრეცედენტო ზეწოლას მათ დამოუკიდებლობაზე. იზრდება რა სავაჭრო უთანხმოებებისა და პოლიტიკური არასტაბილურობის მასშტაბები, მოსახლეობას იმედი აქვს, რომ ცენტრალური ბანკების ლიდერები მსოფლიო ეკონომიკური მართვის სადავეებს მტკიცედ მართავენ და წელს მაღალი რეიტინგით შეფასებული ბანკირები სწორედ ასეთი სახის სტაბილური ლიდერობის დემონსტრირებას ახდენენ, იმისდა მიუხედავად, ქარიშხლის პერიოდში მართავენ ქვეყანას თუ ჰორიზონტზე ღრუბლების გამოჩენის შიშით, კორპუსის გამაგრებას იწყებენ", - განაცხადა Global Finance-ის გამომცემელმა და მთავარმა რედაქტორმა ჯოზეფ ჯიარაპუტომ.

1987 წელს დაარსებული Global Finance დღეს მიმოქცევაშია 193 ქვეყანაში, 50,000-იანი ტირაჟით. ჟურნალის მკითხველებს შორის არიან მულტიეროვნულ კომპანიებსა და ფინანსურ ინსტიტუტებში საინვესტიციო და სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელი უფროსი კორპორაციული და ფინანსური მენეჯერები. ჟურნალის ვებგვერდზე - GFMag.com - ქვეყნდება ანალიტიკური და მიმოხილვითი სტატიები, რომლებიც საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე 31-წლიანი გამოცდილების შედეგია. Global Finance შტაბ-ბინა ნიუ-იორკშია განლაგებული და ჟურნალს გააჩნია წარმომადგენლობები მთელ მსოფლიოში. Global Finance ყოველწლიურად ირჩევს ბანკებისა და ფინანსური მომსახურების სხვა პროვაიდერების საუკეთესო წარმომადგენლებს. Global Finance-ის ჯილდოები გლობალური ფინანსური საზოგადოებისთვის ხარისხის ერთგვარ სტანდარტს წარმოადგენს.