უშგულში კოშკების რეაბილიტაციის მოთხოვნით გამართული აქცია დასრულდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" მესტიელმა კინორეჟისორმა მარიამ ხაჭვანმა განუცხადა, ადგილობრივები აქციებს ხვალაც გამართავენ.
მისივე ინფორმაციით, დღეს მთელი დღის განმავლობაში აქციის მონაწილეებს გზა ჰქონდათ გადაკეტილი და მანქანებს არ ატარებდნენ.
"ადგილობრივების მოთხოვნაა, დღესვე დაიწყოს კოშკების რეაბილიტაცია. მოგეხსენებათ, კოშკების 90% სავალალო მდგომარეობაშია. მათი რეაბილიტაცია უნდა დაიწყოს დღესვე, თორემ წლევანდელ ზამთარს ვერ გაუძლებენ", - ამბობს მარიამ ხაჭვანი.
მისივე თქმით, აქციის მონაწილეები ადგილზე კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელის ნიკოლოზ ანთიძის და პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის მისვლას ითხოვენ. ხაჭვანი ამბობს, რომ დღეს უშგულში მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი ავიდა, თუმცა ადგილობრივები მას არ შეხვდნენ.
კაპიტონ ჟორჟოლიანის განმარტებით, მან მოგვიანებით მოსახლეობასთან შეხვედრა შეძლო და მათი პრობლემების შესახებაც მიიღო ინფორმაცია.
"ვესაუბრე მოსახლეობას. მათი მოთხოვნაა, გზა, ელექტროენერგია და კოშკების რეაბილიტაცია. ვმუშაობთ ამ საკითხებზე და ასევე არის მოლაპარაკებები აქციის მონაწილეების კიდევ ერთ მოთხოვნაზე, რომ მათ სურთ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების ჩამოსვლა", - ამბობს მესტიის მერი.
უშგულში კოშკების რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.