პრემიერი - ნებისმიერ საკითხზე კონსპირაციული თეორიების განვითარება არ მგონია, სწორი იყოს - ფაქტია, რომ ტურიზმის სექტორმა მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა

ნებისმიერი საკითხის გარშემო კონსპირაციული თეორიების განვითარება არ მგონია, სწორი იყოს. ფაქტია, რომ ტურიზმის სექტორმა მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტურიზმის სექტორის პრობლემებზე საუბრისას განაცხადა.

ბახტაძის თქმით, „პირველადი შეფასებით, 60 მილიონი დოლარით ნაკლები შემოსავალი მიიღო ტურიზმის სექტორმა ივლისის თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით“.

„სტატისტიკა არსებობს ფაქტობრივი და არსებობს საპროგნოზო მაჩვენებლები. ეს ნორმალური მოვლენაა. ნებისმიერი საკითხის გარშემო კონსპირაციული თეორიების განვითარება არ მგონია, რომ სწორი იყოს. ვიცით, რომ ტურიზმის სექტორი დაზარალდა იქიდან გამომდინარე, რომ პირველადი შეფასებით, 60 მილიონი დოლარით ნაკლები შემოსავალი მიიღო ტურიზმის სექტორმა ივლისის თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მაგრამ ამავე დროს ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შედეგები სხვა მიმართულებით, იქნება ეს ჩვენი ექსპორტი, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი თუ სხვა მიმართულებები“,- განაცხადა ბახტაძემ.

მისივე თქმით, „ეკონომიკაში მიმდინარე ფუნდამენტური საკითხების დინამიკა პოზიტიურია“.

„ამას იზიარებენ კომერციული ბანკები და სხვა ფინანსური ინსტიტუტები. ჩვენი შეფასება გახლდათ ერთმნიშვნელოვანი, რომ საქმე გვქონდა ლარის ზედმეტ გაუფასურებასთან და ჩვენ ვადევნებთ თვალს, რომ ლარის კურსი დასტაბილურდეს. რაც შეეხება ტურიზმის სექტორს, ვინც არ უნდა ისაუბროს, ფაქტია, რომ ამ სექტორმა მიიღო მნიშვნელოვანი ზარალი და სწორედ ამ სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო ბიზნესს სჭირდება დახმარება. როგორც მთავრობა, ჩვენ მათ გვერდით უნდა ამოვუდგეთ. შევიმუშავეთ ორი პროგრამა და ვფიქრობთ, დავაბრუნებთ იმ მზარდ დინამიკას, რომელიც იყო. იმის შესახებ საუბარი, რომ თურმე ტურიზმის სექტორი არ დაზარალებულა, არ ვიცი ამას რა დავარქვა. მსგავსი დეზინფორმაცია სხვა რა უნდა იყოს“, - განაცხადა ბახტაძემ.