საგზაო ინფრასტრუქტურამ უდიდესი წვლილი უნდა შეიტანოს ჩვენი ქვეყნის მცირე და ძალიან საინტერესო რეგიონების განვითარებაში, რაც ემსახურება სიღარიბის დაძლევას,- ამის შესახებ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა საავტომობილო გზების დეპარტამენტის 6-თვიანი ანგარიშის წარდგენაზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, 2012 წელთან შედარებით 3.5-ჯერ არის გაზრდილი გზების დეპარტამენტის ბიუჯეტი, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
„ჩვენ წლების განმავლობაში ვზრდით ინვესტიციებს ამ სექტორში. მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში წელს რეკორდული ციფრი გვაქვს, ეს არის მილიარდ 500 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები, რომელიც ხორციელდება, როგორც საერთაშორისო, ასევე სახელმწიფო მნიშვნელობის გზებზე. მხოლოდ გზების დეპარტამენტის ბიუჯეტი 2012 წელთან შედარებით 3.5-ჯერ არის გაზრდილი. სამუშაოებზე დასაქმებულია 9 ათას ადამიანზე მეტი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო საგზაო ინფრასტრუქტურის არამხოლოდ ხარისხიანად და დროულად შესრულება, არამედ მისი დაგეგმვა ისეთი სახით, რომ ინფრასტრუქტურის განვითარებამ ხელი შეუწყოს ჩვენი ქვეყნის, რეგიონების განვითარებას. დეპარტამენტში და მთლიანად სახელმწიფო სტრუქტურებში გაუმჯობესდა კოორდინაცია, გაუმჯობესდა კომუნიკაცია ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის. ასევე, ჩვენი აქტიური ურთიერთობა კოლეგა უწყებებთან იმისთვის, რომ ჩვენ სწორედ იმ გზების რეაბილიტაცია დავისახოთ პრიორიტეტად, რომელიც განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს ამა თუ იმ რეგიონის განვითარებაში და შეუწყობს ხელს იქ ახალი მიზიდულობის ცენტრების შექმნას და ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ლოჯისტიკური პოტენციალის ათვისების გარდა, საგზაო ინფრასტრუქტურამ უდიდესი წვლილი უნდა შეიტანოს ჩვენი ქვეყნის მცირე და ძალიან საინტერესო რეგიონების განვითარებაში, რაც ემსახურება სიღარიბის დაძლევას“,- განაცხადა ცქიტიშვილმა.