7000 კილომეტრი საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი გზა, 1600 ხიდი და 32 გვირაბი წარმოადგენს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სამოქმედო არეალს, - ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქარსელაძემ საავტომობილო გზების დეპარტამენტის 6 თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისი თქმით, 2019 წლის ექვსი თვის განმავლობაში, 222 ხელშეკრულება გაფორმდა 541 მილიონი ლარის ოდენობით და ამ ხელშეკრულებების ფარგლებში 35 მილიონი ლარის ეკონომია იქნა მიღებული შესაბამისი პროცედურების შედეგად. გარდა ამისა, ქარსელაძის განცხადებით, დღეისათვის 9000-ზე მეტი ადამიანი უკვე მუშაობს, როგორც მაგისტრალურ, ასევე სარეაბილიტაციო და პრევენციის პროექტებზე.
„მაგისტრალური გზების მშენებლობა არის უმთავრესი პრიორიტეტი, რაც ამჟამად დეპარტამენტს გააჩნია. აღმოსავლეთ-დასავლეთი მაგისტრალი არის ჩვენი მთავარი გამოწვევა, რომელიც იწყება წითელი ხიდიდან და შეადგენს 430 კილომეტრს სარფამდე, საიდანაც 200 კილომეტრი უკვე აშენებულია, მიმდინარეობს 140 კილომეტრი გზის მშენებლობა და რიკოთის პირველ მონაკვეთზე, შეიძლება ითქვას, რომ მომდევნო კვირას, 20 რიცხვში გაფორმდება ხელშეკრულება. შესაბამისად, ყველაფერი არის მომზადებული, რათა მოხდეს ოფიციალური სამუშაოების დაშვების შეტყობინების გაცემა, მეოთხე მონაკვეთთან დაკავშირებით. აგვისტოში მოხდება ტენდერის გახსნა და წლის ბოლომდე ეს ხელშეკრულებაც გაფორმდება.
რაც შეეხება წითელი ხიდის მონაკვეთს, მზადდება სატენდეროდ და ასევე ინტენსიურ საპროექტო სამუშაოებს აწარმოებს შესაბამისი საერთაშორისო კომპანია, უკვე ბათუმი-სარფის ბოლო მონაკვეთზე. რომ შევაჯამოთ 2020-2022 წლებში, ეტაპობრივად მოხდება მონაკვეთების ექსპლუატაციაში შეყვანა და 2021 წელს ვგეგმავთ სამუშაოები დაიწყოს ბათუმი სარფის მონაკვეთზე.
მთლიანობაში 4 - 4 საათ ნახევარი დასჭირდება 430 კილომეტრის გავლას, 30 კილომეტრით მცირდება 460 კილომეტრიანი ამჟამინდელი მანძილი და თუ დღეს რვა საათი სჭირდებოდა, ფაქტობრივად ნახევარ დროში იქნება შესაძლებელი გავლა აბსოლუტურად უსაფრთხო საგზაო მოძრაობის უზრუნველყოფის პირობებში.
რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია ის პროექტი, რასაც „ქვეშეთი-კობი“ ჰქვია. ჩვენს შემთხვევაში ორი ხელშეკრულება ფორმდება აგვისტო-სექტემბერში და შესაბამისად ნატახტრის მონაკვეთზე პროექტირება მიმდინარეობს. რეაბილიტაციის კუთხით 550 კილომეტრი - ეს არის ის გეგმა, რაც 2019 წლისთვის გვაქვს, ორჯერ უფრო მეტი ვიდრე 2018 წელს და დღევანდელი შესრულება, ექვსი თვის მონაცემებით არის ზუსტად იმდენი, 200 კმ, რაც შევასრულეთ შარშან, 218 იყო შარშან.
გაორმაგება გვაქვს აქ და 350 მილიონიდან 133 მილიონი უკვე არის გადახდილი შესაბამისი შესრულებებისთვის კონტრაქტორებზე.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს სხვადასხვა პროგრამები, რომლებიც ხორციელდება, სტიქიის პრევენციის პროგრამა- 65 მილიონი ლარი, 13 პროექტი დასრულებულია, 40 მიმდინარეობს და 36 არის დაგეგმილი. მთის გზების პროგრამა, რომელიც ასევე უმნიშვნელოვანესია და სამ დიდ პროექტს მოიცავს. ჯამში შეიძლება ითქვას, რომ ყველა მნიშვნელოვანი მონაკვეთი უკვე დაპროცესებულია. მთლიანობაში უნდა ითქვას, რომ 2019 წლის ექვსი თვის განმავლობაში 222 ხელშეკრულება იქნა გაფორმებული 541 მილიონი ლარის ოდენობით და ამ ხელშეკრულებების ფარგლებში 35 მილიონი ლარის ეკონომია იქნა მიღებული შესაბამისი პროცედურების შედეგად. გარდა ამისა, 9000-ზე მეტი ადამიანი უკვე დღესდღეობით მუშაობს, როგორც მაგისტრალურ, ასევე სარეაბილიტაციო და პრევენციის პროექტებზე, მაგრამ რა თქმა უნდა, უკვე ახალი მონაკვეთების დამატებით, მნიშვნელოვნად გაიზრდება აღნიშნული რიცხვი, ხოლო მთლიანობაში 12 მილიარდიანი გეგმის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს მომდევნო დამატებით კიდევ ათი პროექტის განხორციელებას, უკვე ეს რიცხვი მნიშვნელოვნად შეიცვლება და არ გამოვრიცხავთ რომ გაორმაგდეს“,- განაცხადა ქარსელაძემ.