ტურისტებისთვის ეგვიპტის მიმართულება ძვირდება. ამის მიზეზი ეგვიპტის სამოქალაქო ავიაციის მინისტრის გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვითაც არსებული სამგზავრო გადასახადი იზრდება, ამასთან წესდება ახალი მოსაკრებელი.
მინისტრის ინიციატივის თანახმად, 15 ნოემბრიდან ყველა მგზავრს, რომელიც საერთაშორისო ან ჩარტერული რეისით ეგვიპტის აეროპორტიდან იმგზავრებს, 25 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრება. ცვლილებამდე აეროპორტიდან მგზავრობის გადასახადი 20 დოლარს შეადგენდა.
როგორც გამოცემა იუწყება, გადასახადი 5 აშშ დოლარით იზრდება შიდა ფრენების შემთხვევაშიც. გარდა ამისა, ნოემბრიდან 15%-ით იზრდება ავიაკომპანიებისთვის მოსაკრებელი. მოსაკრებლის ზრდა არ შეეხება მხოლოდ ეგვიპტის ეროვნული გადამზიდს Egypt Air-ს.
ასევე, ეგვიპტის აეროპორტებში დაწესდება სპეციალური უსაფრთხოების გადასახადიც - „უსაფრთხოების სისტემებისა და პროცედურების შემუშავებისა და განხორციელებისთვის“. ნოემბრის შუა რიცხვებიდან ეგვიპტის ყველა აეროპორტში მგზავრებს ამ სერვისისთვის ჯამში 2 აშშ დოლარი ექნებათ გადასახდელი, თუმცა ტურისტები, რომლებიც შარმ-ელ-შეიხის მიმართულებით წავლენ, ორჯერ მეტს, 4 დოლარს გადაიხდიან. სავარაუდოდ, ეს გადასახადები ბილეთის საფასურის შემადგენელი ნაწილი იქნება.
მოამზადა მარიამ მენაბდიშვილმა