ფასდაკლება ”კაზანტიპზე”

"კაზანტიპზე" სტუმრების მოსაზიდად ფასდაკლება გამოცხადდა.

"კაზანტიპის რესპუბლიკაში" შესვლის ვიზები გაიაფდა. პროექტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ნინო სტურუას ინფორმაციით, "კაზანტიპის რესპუბლიკაში" შესასვლელად ვიზის შეძენა დღეიდან 400 ლარის ნაცვლად 250 ლარად არის შესაძლებელი და ამ ვიზის მფლობელს "კაზანტიპზე" დასწრება ღონისძიების ბოლომდე შეეძლება. მისივე თქმით, ასევე გაიაფდა ერთდღიანი ვიზა და დღეიდან ის უკვე 100 ლარი ღირს.

ასევე მნიშვნელოვნად შემცირდა ფასები კვების ობიექტებსა და სხვა მომსახურებაზე. "კაზანტიპის რესპუბლიკის" ტერიტორიაზე საკვები და სხვადასხვა დასახელების სასმელიც გაიაფდა. ფასდაკლებასთან დაკავშირებით წარწერები რამდენიმე ბარის შესასვლელთან უკვე გამოკრულია. რამდენიმე საკვებ ობიექტში ფასები 20%-დან 50%-მდე შემცირდა. მაგალითად, თუ ერთი ხინკალი 2 ლარი ღირდა, დღეს ის უკვე 1 ლარი ღირს. შოთის პური 3 ლარი ღირდა, დღეს კი მისი ყიდვა 1 ლარად არის შესაძლებელი. კვების ობიექტებისგან განსხვავებით უცვლელი დარჩა საპირფარეშოთი სარგებლობის ფასი და ის დღესაც 1,5 ლარი ღირს.

აღნიშნული ცვლილებები ”კაზანტიპის რესპუბლიკის” პრეზიდენტის ნიკიტა მარშუნოკის უკმაყოფილებამ გამოიწვია. მარშუნოკი ამბობს, რომ "კაზანტიპის" ღონისძიება მომავალ წელს საქართველოში შესაძლოა, აღარ ჩატარდეს. ამის მიზეზი კი, როგორც "კაზანტიპის რესპუბლიკის" პრეზიდენტმა განაცხადა, ღონისძიებაზე მისული ძალიან ცოტა სტუმარია. მარშუნოკი ფიქრობს, რომ ამ პირობებში ღონისძიების მოწყობაზე გაწეული ხარჯის ამოღება შეუძლებელი იქნება.

სტუმრების რაოდენობის გარდა "კაზანტიპის" პრეზიდენტი უკმაყოფილოა საცხოვრებელ სახლებში არსებული პირობებით, ასევე ფასებით. როგორც მარშუნოკი აცხადებს, რვაჯერ და ათჯერ გაიზარდა ფასები, მიუხედავად იმისა, რომ დაპირება სულ სხვა იყო.

მისივე განცხადებით, "კაზანტიპზე" ჩამოსულია 4-5 ათასი ადამიანი, რაც ძალიან ცოტაა და თუ გაწეულ ნახარჯს ვერ ამოიღებენ, საშუალება აღარ იქნება, რომ "კაზანტიპი" საქართველოში კიდევ ჩატარდეს. მისივე განცხადებით, თუ ხალხი "კაზანტიპის" ღონისძიებიდან უკმაყოფილო წავა, შეიძლება ეს ფესტივალი საერთოდ ვეღარ ჩატარდეს.

მარშუნოკმა ასევე უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ "კაზანტიპზე" ძალიან ცოტა ქართველი იმყოფება. მან ქართველებს მიმართა და "კაზანტიპის" ღონისძიებაში მონაწილეობა შესთავაზა.

"მე მაქვს ასეთი კითხვა: რატომ არის, რომ საქართველო ხელს არ გვიწყობს, ჩვენ გვსურს, რომ ასეთი ლამაზი მუსიკა ვაჩუქოთ, საქართველო კი ზის და "ფეისბუქში" გვიყურებს ჩვენ. ეს სერიოზული საკითხია", - აღნიშნა მარშუნოკმა.

მისივე თქმით, თუ ვინმე ფიქრობს, რომ "კაზანტიპს" მარტო მილიონერები ესწრებიან, ძალიან ცდებიან, რადგან "კაზანტიპს" ესწრება ახალგაზრდობა, ვისაც ელექტრონული მუსიკა უყვარს.

გარდა ამისა, "კაზანტიპის რესპუბლიკის" პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გზები ჩაკეტილია და საქართველოში სტუმრები ვერ ჩამოდიან, მათ შორის, ვერც რუსეთიდან.

"კაზანტიპის" ღონისძიება 20 აგვისტოს გაიხსნა და 30 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.