არც ეროვნულ ბანკს, არც მთავრობას ლარის გაუფასურებისთვის ხელი არ შეუწყვია. ეს არის ჩვეულებრივი, ბუნებრივი მერყეობა და ლარი თავის წონასწორულ კურსს ნებისმიერ შემთხვევაში იპოვის,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებს ლარის გაუფასურებაზე კომენტირებისას განუცხადა.
როგორც მაჭავარიანი აცხადებს, არის რესურსი, რომ ლარი ცოტა კიდევ გამყარდეს და ეს რესურსი არა ეროვნული ბანკის ინტერვენციები, არამედ მზარდი ექსპორტია.
„როგორც ფისკალური, ისე მონეტარული პოლიტიკა იქითკენაა მიმართული, რომ ხელი არ შევუწყოთ ლარის გაუფასურებას. პირიქით, მაქსიმალურად თავი შევიკავოთ ზედმეტი ხარჯებისგან, ნებისმიერი სახის აქტივობისგან, რამაც შეიძლება კურსზე ნეგატიურად იმოქმედოს. თუმცა, არის ჩვეულებრივი ბუნებრივი მერყეობა და ლარი თავის წონასწორულ კურსს იპოვის ნებისმიერ შემთხვევაში.
ეს მუდმივი პროცესია, ყოველდღიურად პოულობს. იყო უფრო მაღალი, წამოვიდა ქვევით. იმედს ვიტოვებ და არის რესურსი, რომ კიდევ უფრო, ცოტა გამყარდეს. რესურსი არის მზარდი ექსპორტი. იმედია, ტურიზმი აღდგება და ის დარტყმა, რაც ტურიზმმა მიიღო, ისიც თანდათანობით წლის ბოლომდე აღდგება. ეს არის მთავარი რესურსი. თქვენ თუ გგონიათ, რომ ეროვნული ბანკის რეზერვების გამოყრა არის რესურსი, ძალიან ცდებით. რესურსი უნდა იყოს ბუნებრივი, ჯანსაღი, ეკონომიკური პროცესებისგან გენერირებული მყარი ვალუტა, დოლარის ან ევროს შემოსავლები, რომელიც ლარს ასეთი ტიპის გაუფასურებისგან იცავს. არც ეროვნულ ბანკს, არც მთავრობას გაუფასურებისთვის ხელი არ შეუწყია არანაირად,“-განაცხადა მაჭავარიანმა.