ირაკლი ქარსელაძე - ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დამაკავშირებელი გზისა და რკინიგზის პროექტზე მუშაობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს

როგორც გვქონდა დაგეგმილი, ნოემბრისთვის ვვარაუდობთ გამარჯვებული კომპანიის გამოვლენას, რომელიც ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზის და რკინიგზის მშენებლობას უზრუნველყოფს,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქარსელაძემ განუცხადა.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, იმ შემთხვევაში თუ, მხარეებს - ინვესტორებს, კონსორციუმსა და მთავრობას შორის ვერ მოხერხდა შეთანხმება, იგივე გრაფიკით გაგრძელდება თუ არა გზისა და რკინიგზის სამშენებლო სამუშაოები, ქარსელაძე აცხადებს, რომ „ანაკლიასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი განცხადება გაკეთდა და თავად ახალს ვერაფერს ვეღარ იტყვის“.

ამასთან, ქარსელაძის თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს ნამდვილად ექნება შესაბამისი გზა და რკინიგზა.

„როგორც გვქონდა დაგეგმილი, ნოემბრისთვის ვვარაუდობთ უკვე გამარჯვებული კომპანიის გამოვლენას სამშენებლო სამუშაოებზე. 330 მილიონი ლარია საორიენტაციოდ ის ბიუჯეტი, რაც დასჭირდება ამ პროექტს. ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს ნამდვილად ექნება შესაბამისი გზა და რკინიგზა“ , - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

ცნობისთვის, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი საავტომობილო გზა და რკინიგზა 18 კმ-იანი იქნება. პროექტირებას ავსტრალიური მულტინაციონალური კომპანია „სმექი“ ახორციელებს.