საქართველოში ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის პლენარული შეხვედრა იმართება

საქართველოში ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის პლენარული შეხვედრა იმართება.

ღონისძიება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ გახსნა.

შეხვედრაზე ღვინით ვაჭრობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი განიხილება.

პლენალურ შეხვედრას ჯგუფის წევრი ქვეყნების სამთავრობო და კერძო სტრუქტურების მაღალი რანგის და ასევე დამკვირვებელი ქვეყნების ასზე მეტი წარმომადგენელი ესწრება. შეხვედრაზე სავაჭრო მოლაპარაკებების რეგულაციების და ბარიერების საკითხები, ტრადიციული ტერმინები, წევრი ქვეყნების მიერ ორმხრივი მოლაპარაკებებისა და შეთანხმებების მიმდინარეობაზე სხვადასხვა საკითხები განიხილება.

"ეს არის მნიშვნელოვანი ღონისძიება, წლიური შეხვედრა, რომელიც საქართველოში გაიმართა და მასში მნიშვნელოვანი წამყვანი სახელმწიფოები შედიან, ასევე ღვინის ბრენდები და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ აქ წარმოდგენილია ისეთი ქვეყნები, სადაც ჩვენ სერიოზულად ვზრუნავთ იმაზე, რომ ახალი ბაზრები გაიხსნას, გაძლიერდეს, ჩვენი წარმომადგენლობა და ექსპორტი გაიზარდოს", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

პლენარული შეხვედრა 25-დან 27 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. 27 აგვისტოს, ღონისძიების მონაწილეები კახეთში ღვინის ქარხნებს ეწვევიან.

ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის თავმჯდომარე ქვეყანა საქართველო მიმდინარე წლის აპრილში ერთი წლის ვადით გახდა. თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველო წარმართავს ყველა მაღალი დონის საერთაშორისო მოლაპარაკებას ღვინით ვაჭრობის სფეროში. ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფი სახელმწიფოთა არაფორმალური გაერთიანებაა, რომლის მიზანი ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის ღვინით ვაჭრობის გამარტივებაა.