ახალი ტელეკომპანია "ფორმულა", რომელსაც "ფორმულა კრეატივი" ხსნის, მაუწყებლობას ოქტომბრიდან დაიწყებს. როგორც ტელევიზიის მომავალმა დირექტორმა, ზუკა გუმბარიძემ AMBEBI.GE-ს განუცხადა, მაუწყებლობის ავტორიზაციის მისაღებად კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მათ დღეს მიმართეს.
გუმბარიძის ინფორმაციით, „ფორმულას“ მაუწყებლობა მთელი საქართველოს მასშტაბით გავრცელდება. ამასთან, მისი ყურება როგორც საკაბელო კომპანიების, ისე სატელიტური და სტანდარტული ანტენებითაც იქნება შესაძლებელი.
რაც შეეხება დაფინანსების წყაროს, გუმბარიძე განმარტავს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, მოლაპარაკება ინვესტორებთან ახლაც მიმდინარეობს. მათ შორის, ერთ-ერთი თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილია.
"ახლა გავდივართ ინვესტორებთან საბოლოო დეტალებს და ცოტა ხანში უფრო ღიად ვიტყვით, ვინ იქნება. მათ შორის, ოფიციალურად შემიძლია დავადასტურო, რომ ამ თემაზე დავით კეზერაშვილთანაც გვაქვს მოლაპარაკებები“, - აღნიშნა მან.
ზუკა გუმბარიძე განმარტავს, რომ „ფორმულას“ კლასიკური საერთო მაუწყებლის ფორმატი ექნება, რომელიც სხვადასხვა ტიპის სატელევიზიო პროგრამას მოიცავს.
"ეს იქნება კლასიკური საერთო მაუწყებელი, სადაც იქნება ნიუსის სეგმენტი, თოქ-შოუები, გასართობი სეგმენტი. იქნება ჩვენივე, „ფორმულა კრეატივის" წარმოების სერიალი - „ჩემი ცოლის დაქალები“ და კიდევ ერთი სერიალი, რომელიც ეთერში დაემატება ამ წლის ბოლოდან. ეს არის ახალი სერიალი, რომლის რეპროდუქციის პროცესიც დაწყებული გვაქვს და ცოტა ხანში გადაღებასაც დავიწყებთ", - განმარტა AMBEBI.GE-სთან საუბარში "ფორმულას" მომავალმა დირექტორმა.
"ფორმულა კრეატივის“ დამფუძნებელმა ირაკლი საღინაძემ ახალი ტელეკომპანიის შექმნის შესახებ 1-ელ აგვისტოს დაანონსა. რამდენიმე საათით ადრე კი, ტელევიზიის დაფუძნების სურვილი "ფეისბუქის" პოსტში გაამჟღავნა ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა.