პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე დაუბრუნდება მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას, რომლითაც სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება.
საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტს მაისში წარედგინა. მისი ამოქმედება 1-ელი ივლისიდან იყო დაგეგმილი, თუმცა ჯერ სესიაზე პირველი მოსმენითაც არ გასულა.
აღნიშნულს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ივნისის თვეში განვითარებული პოლიტიკური პროცესებით ხსნის.
“აღნიშნული პროექტის გარდა, არის სხვა უამრავი პროექტი, თუმცა ცნობილი მოვლენების გამო ვერ ჩატარდა საკომიტეტო და პლენარული სხდომები და ვერ მოხდა მათი განხილვა. 20-21 ივნისის მოვლენების გამო პარლამენტის მუშაობა შეფერხდა. როგორც კი საშემოდგომო სესია განახლდება, მუშაობას დავიწყებთ ყველა პროექტზე, მათ შორის აღნიშნულ პროექტზეც“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ანრი ოხანაშვილმა.
შს სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, გამოცდის პირველი ეტაპი (სპეციალური მანევრები) დახურულ საგამოცდო მოედანზე ჩატარდება, როგორც ეს ამჟამადაც ხორციელდება, ხოლო მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მეორე ეტაპი რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში - წინასწარ შერჩეულ და შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებულ მარშრუტებზე ჩატარდება.
მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის ორეტაპიანად გარდაქმნა, მართვის უფლების მისაღები გამოცდის საფასურის გაზრდას იწვევს. ასევე, იცვლება შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურების განაკვეთები, ხოლო არსებულ სერვისებს ახალი მომსახურებებიც ემატება.
პროექტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე დაშვება ხდება 20 ლარი, ნაცვლად 40 ლარისა. ორეტაპიანად გარდაქმნილი პრაქტიკული გამოცდის თითოეული ეტაპის საფასური კი, დამოუკიდებლად დგინდება.
“B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე ერთჯერადად დაშვების საფასურია - 40 ლარი, მეორე ეტაპზე ერთჯერადად დაშვების - 90 ლარი.
„A“, „C“, „D“ „BE“, „CE“, „DE“ კატეგორიის და „A1“, „A2“, „B1“, „C1“, „D1“, „C1E“ და „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე ერთჯერადად დაშვების საფასურია 40 ლარი, მეორე ეტაპზე ერთჯერადად დაშვების - 150 ლარი.
განსხვავებულად ყალიბდება არსებული სტუდენტური შეღავათები. კერძოდ, სტუდენტს შეღავათი ექნება AM კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე ერთჯერადად დაშვებისას. რამდენადაც აღნიშნული კატეგორიის მართვის მოწმობის მისაღებად პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების საჭიროება არ არსებობს, სტუდენტი თავისუფლდება AM კატეგორიის მართვის მოწმობის მისაღები გამოცდის საფასურის გადახდისგან.
განსხვავებულად ყალიბდება 17 წლის ასაკს მიუღწეველი პირის შეღავათები. 18 წლამდე ასაკის პირს B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვა აეკრძალება და შესაბამისად, არსებული შეღავათი B კატეგორიის მართვის მოწმობის მისაღებად 17 წლის ასაკის პირებისთვის უქმდება.
პროექტით, საფასურისგან გათავისუფლების არსებულ საფუძვლებს ახალი პუნქტი ემატება, რომლის თანახმად, საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირი თავისუფლდება უფლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციის ახლად შემოღებული დაჩქარებული მომსახურების საფასურის (10 ლარი) გადახდისგან.
კანონპროექტი ითვალისწინებს გარკვეული მომსახურებების დამატებას. კერძოდ:
ა) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალებაზე ან/და მის ნომრიან აგრეგატზე სააგენტოს მიერ მინიჭებული სააღრიცხვო ნომრის დადამღვა - 100 ლარი;
ბ) ერთ ერთეულ სატრანსპორტო საშუალებაზე უფლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია ან მასში ცვლილების რეგისტრაცია - 10 ლარი;
გ) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვა - 100 ლარი;
დ) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის დადებითი შეფასების მოქმედების ვადაში, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე პირის ვადაზე ადრე დაშვება, მაგრამ არაუგვიანეს პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე უარყოფითი შეფასების მიღებიდან მე-6 დღისა - 160 ლარი.
ე) სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ან ტრამვაის მართვის მოწმობის 1 სამუშაო დღის ვადაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურება - 40 ლარი.
ვ) გირავნობის რეგისტრაცია ან მასში ცვლილების რეგისტრაცია, განცხადების შეტანიდან:
ა) 3 სამუშაო დღის ვადაში - 50 ლარი;
ბ) 1 სამუშაო დღის ვადაში - 100 ლარი;
ზ)ლიზინგის რეგისტრაცია ან მასში ცვლილების რეგისტრაცია, განცხადების შეტანიდან: - ა) 3 სამუშაო დღის ვადაში - 50 ლარი; ბ) 1 სამუშაო დღის ვადაში - 100 ლარი;
თ) მართვის მოწმობის გაცემის შესახებ ცნობის გაცემა: ა) 3 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურება - 20 ლარი; ბ) 1 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურება - 50 ლარი.
ამავე ცვლილებების გათვალისწინებით, „A1“ ქვეკატეგორიის და „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლებისთვის დადგენილი მინიმალური ასაკი იცვლება და ნაცვლად 17 წლისა, 18 წელი ხდება.
როგორც შს სამინისტრო განმარტავს, ევროკავშირის წევრი 28 სახელმწიფოდან დიდ უმრავლესობაში „B“ კატეგორიის მართვის მოწმობის უფლების მინიჭება 18 წლიდან ხდება. იმ ქვეყნებში კი, სადაც აღნიშნული კატეგორიებისთვის მინიმალური ასაკი არის 17 წელი, საგზაო უსაფრთხოების ნორმები გაცილებით მაღალ დონეზეა, ვიდრე ამ ეტაპზე საქართველოში.