„საპენსიო სააგენტოში აკუმულირებული თანხები ანაკლიის პორტში უნდა ინვესტირდეს და მოხდეს მათი ტოკენიზაცია"

საპენსიო სააგენტოში აკუმულირებული თანხები ანაკლიის პორტში უნდა ინვესტირდეს და მოხდეს მათი ტოკენიზაცია, - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ლევან ბოძაშვილი აცხადებს.

მისი თქმით, საპენსიო დანაზოგის სახით აკუმულირებული თანხის ანაკლიის პორტის პროექტში ინვესტირების შედეგად, საპენსიო სქემის ყველა მონაწილე მიიღებს მუდმივ სტაბილურ დივიდენდს ბევრად ადრე, ვიდრე საპენსიო ასაკს მიაღწევს.

„პროექტი არის ეროვნული ინტერესი, მასში ინვესტირებული თითოეული თეთრი არის ეროვნულ ინტერესებში ინვესტირება. ტოკენიზაცია კი არის საუკეთესო საშუალება კაპიტალის ინვესტირებისა დივიდენდის გაცემის საშუალებით. ყოველი გემიდან, რომელიც პორტში შემოვა, ყველა სქემის მონაწილე პირი მიიღებს წილს.

ამაზე უკეთესი რისკების გადაზღვევის ყველასათვის მისაღები სქემა არ მგონია არსებობდეს. ასეთ შემთხვევაში გადაზღვევა არ იქნება ბიუჯეტიდან რისკიანად გაწეული ხარჯი. არამედ, ეს იქნება საკუთარ განვითარებასა და სიბერეში გაურისკავი ინვესტიცია. ეს გადაწყვეტა პრაქტიკულად უკან მოიზიდავს ყველას, დაუბრუნდეს საპენსიო სქემას“, - აცხადებს ბოძაშვილი.