2019 წლის მე-2 კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 2.2 მილიონი შემოსვლა, რაც 13.4 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 45 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის მე-2 კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1.5 მილიონს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 13 პროცენტით არის გაზრდილი. საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 1.2 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 13.8 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
საერთაშორისო ვიზიტორების 66.2 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 27.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 5.9 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.
ამასთან, სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 378.2 ათასი ვიზიტორი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც მთლიანი ვიზიტორების 24.9 პროცენტს შეადგენს და წარმოადგენს 36.8 პროცენტიან ზრდას 2018 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით. ვიზიტების ყველაზე დიდი წილი (23.1 პროცენტი) რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ განხორციელდა, რაც 37.5 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
2019 წლის მე-2 ვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი, 46.6%, განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარაში, შესაბამისად, 1 069.3 ათასი და 516.7 ათასი ვიზიტი.
ამასთან, საქსტატის მიხედვით, განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 3.9 ღამე შეადგინა, რაც 2018 წლის II კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (3.6 ღამე) 9.1%-ით მეტია.
განხორციელებული ვიზიტების 70% წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს. 2019 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 2.4 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 24.6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2018 წლის II კვარტალთან შედარებით 10.3%-ით გაიზარდა და 1 261.6 ლარი შეადგინა.