„საქართველოს ფოსტამ“, კამპანიის „საქართველოს ფოსტა ემიგრანტებისთვის“ ფარგლებში, საქართველოდან საბერძნეთსა და იტალიაში ამანათების სახმელეთო გზით გაგზავნის ტარიფი მკვეთრად შეამცირა. ამასთან, „საქართველოს ფოსტა“ ემიგრანტებს ადგილზე დასაქმების საშუალებას აძლევს, რათა დამატებითი შემოსავალი გამოიმუშავონ. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ფოსტა“ ავრცელებს.
მათივე განმარტებით, საბერძნეთსა და იტალიაში, „საქართველოს ფოსტის“ უკვე პარტნიორი ემიგრანტების მიერ მიღებული ამანათების ტრანსპორტირებას საქართველოში და მათ ადგილზე დარიგებას მთელი საქართველოს მასშტაბით „საქართველოს ფოსტა“ უზრუნველყოფს.
პროექტის ფარგლებში, ტარიფი სახმელეთო ამანათებზე ვრცელდება, რომლის მიმდინარე საფასური საბერძნეთის მიმართულებით 1 კგ. - 1,5 ევროა, ხოლო იტალიის მიმართულებით 1 კგ. - 2 ევრო. აღნიშნული ტარიფი ნებისმიერი ტიპის შიგთავსის მქონე ამანათებზე ვრცელდება.
„ჩვენთვის, როგორც ეროვნული საფოსტო ოპერატორისთვის, მეტად მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ და გავითვალისწინოთ მომხმარებლის მოთხოვნა, სწორედ აქედან გამომდინარე დავიწყეთ პროექტი „საქართველოს ფოსტა ემიგრანტებისთვის“, რომლის მიზანია მომხმარებელთა უფლებების დაცვა, საფოსტო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ხარისხიანი მომსახურების და ხელმისაწვდომი ტარიფის შეთავაზება. ამასთანავე ემიგრანტების თხოვნის გათვალისწინებით, ამავე პროექტის ფარგლებში საჯარო ინტერესის გამოხატვის ფორმით მათ შევთავაზეთ პარტნიორობა, რასაც ასევე საკმაოდ მაღალი ინტერესი მოჰყვა. ჩვენ შევძელით საოპერაციო ხარჯების ოპტიმიზირება და შედეგად მივიღეთ მომხმარებლისთვის მიმზიდველი დაბალი ტარიფი. პირველ ეტაპზე პროექტის განხორციელება დავიწყეთ საბერძნეთის და იტალიის მიმართულებით, ეტაპობრივად პროექტი გაგრძელდება სხვა ევროპული ქვეყნების მიმართულებითაც“, - განაცხადა „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ.
აღნიშნული სერვისით სარგებლობა „საქართველოს ფოსტის“ ყველა სერვისცენტრში, მთელი საქართველოს მასშტაბით არის შესაძლებელი.