შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საკითხების მრჩეველი ჯონ ბოლტონი (ფოტოზე) ამბობს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ევროკავშირიდან ბრიტანეთის წარმატებული გამოყოფა სურს და რომ ვაშინგტონი ბრიტანეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მხარს დაუჭერს.
ბრიტანთის ევროკავშირიდან გასვლის თარიღად, 31 ოქტომბერია დათქმული. ქვეყნის ახალმა პრემიერმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ მისთვის პრიორიტეტულ საკითხს, უხელშეკრულებო ბრექსიტისთვის მზადება წარმოადგენს, რათა ქვეყანა ამისთვის მზად იყოს. დიპლომატები და ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ბრექსიტის შემდეგ, ბრიტანეთი აშშ-ზე ეკონომიკურად ძლიერ დამოკიდებული გახდება.
ბოლტონი ბრიტანეთში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება და იქაურ ოფიციალურ პირებს ხვდება. შეერთებულ შტატებს ბრიტანეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება სურს და ბოლტონის ვიზიტიც ამ თემას ეხება. მისი მთავარი მესიჯი სწორედ ისაა, რომ აშშ მზადაა, ბრიტანეთს ევროკავშირიდან გასვლის ეფექტის შერბილებაში დაეხმაროს. თავისუფალ ვაჭრობის თემაზე მოლაპარაკებას უკვე მართავენ აშშ-ის ვაჭრობის წარმომადგენელი რობერტ ლაითიზერი და მისი ბრიტანელი კოლეგა ლიზ ტრუსი.
საინტერესოა, რომ ტრამპს თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმება ტერეზა მეის კაბინეტთანაც სურდა, მაგრამ ბრიტანეთის მთავრობამ ეს არ ისურვა. ამჯერად სიტუაცია შეიცვალა. და როგორც ბოლტონი ამბობს, ამით ამერიკული მხარე კმაყოფილია.