ირაკლი ღარიბაშვილი - ევროკავშირის რეკომენდაცია არა საქართველოს, არამედ მსხვილ ექსპორტიორებს ეხებათ

ევროპელი მწარმოებლების პროდუქციის ჩანაცვლებისგან თავშეკავების თაობაზე საქართველოს ევროკავშირისგან შეტყობინება არ მიუღია.

ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს დღეს სოფელ რუხში, მრავალპროფილური საავადმყოფოს მშენებლობის გახნის შემდეგ განუცხადა.

მისივე განმარტებით, ევროკავშირის ეს რეკომენდაცია არა საქართველოს, არამედ მსხვილ ექსპორტიორებს ეხებათ.

"საქართველოს ევროკავშირისგან მსგავსი შეტყობინება არ მიუღია. ეს ეხება მსხვილ ექსპორტიორებს, საქართველო არ არის მსხვილ ექსპორტიორთა შორის, შესაბამისად, ეს ჩვენს ქვეყანაზე არ აისახება. ჩვენ უნდა ვიყოთ დაინტერესებული, რომ ჩვენი მოსახლეობის მიერ წარმოებული პროდუქცია გავყიდოთ ყველგან, მაქსიმალურად უნდა მოვახდინოთ ბაზრის დივერსიფიკაცია", - განაცხადა პრემიერმა.

ბრიუსელის რეკომენდაციაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა სახელმწიფოებმა რუსეთის ბაზარზე ევროპელი მწარმოებლების პროდუქციის ჩანაცვლებისგან თავი შეიკავონ. სააგენტო "იტარ ტასის" ცნობით, ამის შესახებ ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პიტერ სტანომ განაცხადა.

"მე შემიძლია, გავიმეორე ევროპული საბჭოს პოზიცია, რომელიც მოუწოდებს მესამე ქვეყნებს, თავი შეიკავონ ახალი სავაჭრო შესაძლებლობების გამოყენებისგან, რომელიც ჩნდება რუსეთის შემზღუდავი ზომების შედეგად, რათა გამოხატონ საერთაშორისო სოლიდარობა და შეასრულონ საერთაშორისო კანონები", - განაცხადა პიტერ სტანომ.