დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წელს 1 265.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის მონაცემებზე 35.5 პროცენტით ნაკლებია და 2.7 პროცენტით აღემატება 2018 წლის წინასწარ მონაცემებს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის დასრულება, რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში, მოგება-ზარალის მაჩვენებლების დაზუსტება საწარმოთა მხრიდან, ასევე, არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება (სასესხო დავალიანების დაფარვა).
ამასთან, 2018 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 34.6 პროცენტი შეადგინა.
სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობაში, 2018 წლის დაზუსტებული მონაცემებით, 50.1 პროცენტი შეადგინა. განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით პირველ ადგილზე აზერბაიჯანი იმყოფება - 19.5 პროცენტით, მეორეზეა ნიდერლანდები 16.5 პროცენტით, ხოლო მესამეზე - გაერთიანებული სამეფო 14.1 პროცენტით.
2018 წელს სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 48.0 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 270.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 21.4 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება მშენებლობის სექტორი 173.0 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა 163.0 მლნ აშშ დოლარით.