ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით, რუსული ემბარგო მოლოდინად დარჩა და არ გამართლდა, თუმცა ამ მოლოდინებსაც კი დიდი როლი ენიჭება და კერძო კომპანიები ძალიან ფრთხილობენ.
„როდესაც დარგი რეალურად დადგა დიდი გამოწვევის წინაშე, როგორიცაა ემბარგო, მოკლევადიან პერსპექტივაში სანამ დასტაბილურდება სიტუაცია, ძალიან ფრთხილობენ კერძო კომპანიის წარმომადგენლები და ცდილობენ რისკები გაითვალისწინონ, მათ შორის გაითვალისწინონ ის, რომ გააძვირონ თუნდაც ღვინო, რისკები გაითვალისწინონ მიწოდების პირობებში, გადახდის პირობებში. იგივე შეიმჩნევა იქითა მხრიდანაც. ძალიან დიდი მარაგების შექმნას დისტრიბუტორები ამ ეტაპზე ერიდებიან, თუმცა ჩვენ გვაქვს იმედი, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში, როდესაც სიტუაცია დასტაბილურდება, კვლავ აღდგება ძველი რეჟიმი და ძველი მოცულობები, მაგრამ სამწუხაროდ, რთველმა მოუწია ისეთ პერიოდში როდესაც ჯერ კიდევ დარგში შეინიშნება სიფრთხილე“, - განაცხადა მეხუზლამ.
ჟურნალისტის კითხვაზე, მომავალ წლამდე დასტაბილურდება თუ არა მდგომარეობა, მეხუზლამ უპასუხა, რომ სიტუაცია სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში დასტაბილურდება.
„თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, რაც ახლაა და ეს სტატუს კვო შენარჩუნდა რაც ახლაა და კიდევ არ მოხდა დამატებითი არასასიამოვნო მოვლენები, სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში დასტაბილურდება”,-განაცხადა მეხუზლამ.