გუდამაყრის და არხოტის ხეობებს, შატილს და მუცოს მალე ინტერნეტი ექნება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მუცოს მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ასევე იგეგმება მცირე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, რაც ადგილობრივ მცხოვრებლებს ელექტროენერგიის პრობლემას გადაუჭრის.
„ჩვენ დავიწყეთ ინტერნეტიზაციის პროექტი. ინტერნეტი მალე იქნება ყველგან - გუდამაყრის ხეობაში, ამავე დროს ინტერნეტი ძალიან მალე იქნება შატილის თემში, აქ, მუცოში. არხოტის ხეობაში.
ძალიან დიდი პრობლემა დგას აქ ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით. ჯერ კიდევ ზვიად გამსახურიდამ, როგორც დიდმა ქართველმა მამულიშვილმა დაინახა ამ უნიკალური ადგილის მნიშვნელობა და სწორედ ის იყო პირველი, რომელმაც დაიწყო მცირე ჰესის მშენებლობა არხოტის ხეობაში და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მისი საქმე. სულ მალე ხეობაში აშენდება მცირე ჰიდროელექტროსადგური. რომელიც ელექტროენერგიით უზრუნველყოფს ყველას. ამ კუთხეს აქვს უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალი. მთავარია, რომ ჩვენ შევქმნათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ადგილობრივ მცხოვრებლებს ჰქონდეთ ყველანაირი წინაპირობა იმისთვის, რომ აქ განავითარონ თავიანთი საცხოვრებელი ადგილები. ყველას გარწმუნებთ, რომ აქ ჩამოვა უზარმაზარი რაოდენობის ტურისტი“, - განაცხადა ბახტაძემ.