გემები, რომლებზეც მიგრანტები იმყოფებიან, ევროპის პორტებში შესვლის ნებართვებს ელიან

ესპანური არასამთავრობო ორგანიზაციის გემი Open Arms-ი, რომელზეც ხმელთაშუა ზღვაში გადარჩენილი 147 მიგრანტია, იტალიის ტერიტორიულ წყლებში შევიდა და კუნძულ ლამპედუზასთან ახლოს დგას. იტალიის ხელისუფლება გემებს, რომლებზეც არალეგალი მიგრანტები არიან, საკუთარ პორტებში შესვლას უკრძალავს, ყოველ შემთხვევაში იქამდე, სანამ ევროკავშირის სხვა სახელმწიფოები ამ მიგრანტების მიღებაზე არ დათანხმდებიან. გემი Open Arms -ი აკრძალვის დარღვევას არ აპირებს.

ამ გემს, შინაგან საქმეთა მინისტრ მატეო სალვინის აკრძალვის მიუხედავად, ლაციოს ოლქის ადმინისტრაციულმა სასამართლომ 30 არასრულწლოვანი მიგრანტის ნაპირზე გადასმის ნება დართო. გემი ხმელეთთან ახლოს ელოდება გამოდარებას და იმ პორტის მითითებას, რომელშიც ამ არასრულწლოვნების ნაპირზე გადასმას შეძლებს.

იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა მატეო სალვინიმ ლაციოს სასამართლოს ვერდიქტი ადმინისტრაციული სამართლის უმაღლეს ინსტანციაში - სახელმწიფო საბჭოში გაასაჩივრა და თან ახალ აკრძალვასაც მოაწერა ხელი. მისი სიტყვებით, Open Arms-ს აქვს „პოლიტიკური მიზანი - ჩაიყვანოს მიგრანტები იტალიაში“.

მოშორებით დგას კიდევ ერთი გემი Ocean Viking-ი. ის ეკუთვნის ორ ჰუმანიტარულ არასამთავრობო ორგანიზაციას SOS Méditerranée-ს და „ექიმები საზღვრებს გარეშე“. მის ბორტზე 350 არალეგალი მიგრანტია და ის ნებისმიერ ევროპულ პორტში შესვლის ნებართვას ელოდება.

ამ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.