კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა ივლისში, წინა თვესთან შედარებით 12.3 მლნ ლარით შემცირდა

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2014 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით 12.3 მლნ ლარით (0.1 პროცენტით) შემცირდა და 11.1 მლრდ ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 70.2 მლნ ლარით (1.6 პროცენტით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 82.5 მლნ ლარით (1.2 პროცენტით) შემცირდა.

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2014 წლის ივლისის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 1.3 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.8 პროცენტით ანუ 23.0 მლნ ლარით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით - 4.2 მლრდ ლარის (შესაბამისად, 2.5 პროცენტით ანუ 105.6 მლნ ლარით ნაკლები) მოცულობის სესხი.

იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი - 31.1 პროცენტი ვაჭრობის სფეროზე მოდის. 2014 წლის ივნისთან შედარებით, მიმდინარე წლის ივლისში ვაჭრობის სფეროზე გაცემული სესხების მოცულობა 1.6 პროცენტით, ანუ 27.7 მლნ ლარით შემცირდა და პირველი აგვისტოსათვის 1.7 მლრდ ლარი შეადგინა.

მრეწველობაზე გაცემული სესხების წილმა იურიდიულ პირებზე გაცემული ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში 22.7 პროცენტი შეადგინა, რაც 2014 წლის პირველი აგვისტოსათვის 1.2 მლრდ ლარით განისაზღვრა (2.4 პროცენტით ანუ 30.9 მლნ ლარით ნაკლები პირველი ივლისის მდგომარეობასთან შედარებით); 7.4 პროცენტი მოდის მშენებლობაზე, რაც 408.6 მლნ ლარია (3.1 პროცენტით, ანუ 13.2 მლნ ლარით ნაკლები, შესაბამისად). ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 61.2 პროცენტი მხოლოდ სამ დარგზე - მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის.

2014 წლის ივლისის განმავლობაში 1.5 პროცენტით, ანუ 78.8 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი აგვისტოსათვის 5.3 მლრდ ლარს გადააჭარბა.