სამგორის რაიონში ხუთი ახალი სკვერი მოეწყობა

სამგორის რაიონის გამგეობა დასასვენებელი სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაციას აქტიურად ახორციელებს. სკვერის მოწყობის სამუშაოები მესამე მასივში, ორ მისამართზე ერთდროულად მიმდინარეობს.

თბილისის მერიის ცნობით, ახალი სკვერი ხომლელის ქუჩაზე, N3 და N4 კორპუსების მიმდებარედ ეწყობა. 350 კვ.მ ფართობზე სხვადასხვა საბავშვო გასართობი ატრაქციონი, საბაღე სკამები და ურნები განთავსდება. ასევე, დამონტაჟდება გარე განათების სისტემა და გამწვანებულ მონაკვეთებს შორის საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება.

მათივე ინფორმაციით, დასასვენებელი სივრცე ეწყობა ვარკეთილის ზემო პლატოზეც. N1 კორპუსის მიმდებარედ 800 კვ.მ ფართობის ახალ სკვერში საბავშვო გასართობი მოედანი მოეწყობა, განთავსდება საბაღე სკამები და ურნები. ასევე, დამონტაჟდება გარე განათების სისტემა. ტერიტორიაზე უკვე არსებობს ფიტნეს ზონა, რომელშიც ათი ტრენაჟორია დამონტაჟებული.

მიმდინარე სამუშაოები სამგორის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, სოსო ბურდულაძემ საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი დოხტურიშვილთან ერთად დაათვალიერა.

თბილისის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, მესამე მასივში უახლოეს მომავალში დამატებით, სამი სკვერის მოწყობა დაიწყება. დასასვენებელი სივრცეები კალოუბნის ქ. N36-ის, მე-10 კვარტლის N20 კორპუსისა და მე-9 კვარტლის N3 კორპუსის მიმდებარედ გაიხსნება.

ხუთივე პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 320 ათასი ლარია, რომელიც სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან გამოიყოფა. სკვერის მოწყობის სამუშაოებს კომპანია „ალგე ჯგუფი“ ახორციელებს.