სამუშაო ადგილები, სიღარიბე და ტერიტორიული მთლიანობა - მოსახლეობას ყველაზე მნიშვნელოვნად ეს საკითხები მიაჩნია

NDI-ის კვლევის მიხედვით, ეროვნულ და ადგილობრივ საკითხებს შორის პირველი სამი ადგილი კვლავ სამუშაო ადგილებს, სიღარიბეს და ტერიტორიულ მთლიანობას უჭირავს.

უფრო კონკრეტულად, სამუშაო ადგილებს, როგორც პრიორიტეტს გამოკითხულთა 73 პროცენტი ასახელებს. სიღარიბეს 32 პროცენტი, ტერიტორიულ მთლიანობას კი 30 პროცენტი.

რაც შეეხება სხვა საკითხებთან მიმართებაში გამოკითხულთა პოზიციას, ის ასე ნაწილდება: პენსიები – 25 პროცენტი, ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება – 24 პროცენტი, ფასების ზრდა – 19 პროცენტი, ხელფასები – 14 პროცენტი, ადამიანის უფლებები – 13 პროცენტი, ურთიერთობა რუსეთთან – 12 პროცენტი, ნატო-ში გაწევრიანება - 10 პროცენტი, განათლება - 9 პროცენტი, სიტყვის თავისუფლება - 5 პროცენტი, სასამართლო სისტემა, საკუთრების უფლება და სამართლიანი არჩევნები - 4-4 პროცენტი, კორუფცია - 2 პროცენტი, ევროკავშირში გაწევრიანება და კრიმინალი ასევე - 2 პროცენტი და ციხეებსა და საპატიმროებში არსებული მდგომარეობა - 1 პროცენტი.

შეკითხვაზე, 2012 წლის ოქტომბერთან შედარებით როგორ შეიცვალა მდგომარეობა კონკრეტულ სფეროებთან მიმართებაში, გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, პრიორიტეტულ თემებთან მიმართებაში ის არ შეცვლილა. მაგალითად, სამუშაო ადგილების კუთხით, რესპონდენტთა 5 პროცენტი ფიქრობს, რომ გაუმჯობესდა, თუმცა 69 პროცენტი ფიქრობს, რომ ვითარება არ შეცვლილა, და მეტიც, 22 პროცენტის აზრით, გაუარესდა.

სიღარიბესთან მიმართებაში ასევე 5 პროცენტი მიიჩნევს, რომ ვითარება გაუმჯობესებულია, 65 პროცენტი ფიქრობს, რომ არ შეცვლილა, 28 პროცენტის აზრით, კი გაუარესდა.

რაც შეეხება ტერიტორიულ მთლიანობას, 4 პროცენტის აზრით, გაუმჯობესდა, 82 პროცენტის აზრით, არ შეცვლილა, 12 პროცენტი მიიჩნევს, რომ გაუარესდა.

რაც შეეხება ყველაზე მნიშვნელოვან ადგილობრივ საკითხებს, გამოკითხულთა უმეტესობა - 42 პროცენტი კომუნალური მომსახურების ღირებულებას ასახელებს, 28 პროცენტი - გზებს, 25 პროცენტი - ადგილობრივ სამედიცინო მომსახურებას, 24 პროცენტი - ტრანსპორტის ღირებულებას.