კომერციული რისკების დაზღვევა ჯერჯერობით შეუთანხმებელ საკითხად რჩება, მაგრამ ჩვენ შემუშავებული გვაქვს ალტერნატივა, რომლის დეტალებზეც ღიად ვისაუბრებთ სექტემბერში, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა განუცხადა.
როგორც ლევან ახვლედიანი აცხადებს, პროექტის ინვესტორი ბანკების მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც მთავრობის მიერ კომერციული რისკის დაზღვევას უკავშირდება, კონსორციუმს ალტერნატიული მექანიზმი აქვს შემუშავებული, თუმცა მთავრობის ჩართულობა ამ ალტერნატივის პირობებშიც, გამორიცხული არ არის.
„ეს ალტერნატივა ასევე მოიცავს მთავრობის გარკვეულ მონაწილეობას. ეს არაა ის წინადადება, რომელიც პირველად იყო ბანკების მიერ წარდგენილი და მოიცავდა სრული სესხის მთავრობის მიერ გადაზღვევას, ეს ალტერნატივა ამას არ მოიცავს და ვფიქრობთ, რომ არის ძალიან დაბალანსებული. მთავრობის მხრიდან გაცილებით უფრო ნაკლებ მონაწილეობაზეა საუბარი და ვიმედოვნებთ, რომ მთავრობას ამ ალტერნატივის სისწორეში და პროექტის წინ წაწევისთვის მის საჭიროებაში დავარწმუნებთ“, - განაცხადა ლევან ახვლედიანმა.
შეგახსენებთ, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, „კომერციული რისკების დაზღვევის მექანიზმებზე მოლაპარაკება უნდა გაიმართოს უშუალოდ ბანკებსა და ინვესტორს შორის და სესხის პირობებზე შეთანხმება უნდა დასრულდეს მიმდინარე წლის 15 ოქტომბრამდე“.