გუგუტიანთკარის მკვიდრი, გივი რაზმაძე მზადაა, ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის დახმარება მიიღოს.
თუმცა, როგორც რაზმაძემ, რომლის სახლიც საოკუპაციო ხაზს მიღმა ხვდება, „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, გუგუტიანთკარში სახლს აღარ აიშენებს, რადგან ოკუპანტების მიერ მცოცავი ანექსიის გაგრძელების საფრთხე მუდმივად არსებობს.
„გუგუტიანთკარში მხოლოდ ომის დროს დაზიანებული ეს სახლი გვქონდა დარჩენილი, რომელიც იქით ჰყვება. მიწაც მეტი აღარ გვაქვს და ამიტომ, თუ ვინმე დამხმარე გამოჩნდება, ხაზარაძე იქნება თუ სხვა ვინმე, იქ სახლის აშენებაზე აღარ ვიფიქრებთ და იმ სახლს მივამატებთ, რომელშიც ახლა ვცხოვრობთ. 2009 წელს, როცა ამ ტერიტორიაზე ვეღარ შევდიოდით, გუგუტიანთკარში არსებული სახლის სანაცვლოდ კომპენსაცია მოგვცეს - 15 000 დოლარი და გორში, წმინდა წყლის ტერიტორიაზე, ბარაკების დასახლებაში ავიშენეთ სახლი, ამიტომ, თუ დახმარება იქნება, მივიღებთ იმ დახმარებას და მირჩევნია, ამ სახლს მივამატო“, - განაცხადა გივი რაზმაძემ.
შეგახსენებთ, სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ხაზს იქით რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების სახლები მოხვდა. ომის დროს დაზიანებული სახლებიდან ნივთების გასატანად საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, რაზმაძეების და გუგუტიშვილების ოჯახებს სამდღიანი ვადა მისცეს.
გუგუტიანთკარის მკვიდრს, გივი რაზმაძეს, რომლის სახლიც საოკუპაციო ხაზს მიღმა მოხვდა, მამუკა ხაზარაძე ახალი სახლის მშენებლობას სთავაზობს, რაზეც ხაზარაძე ინფორმაციას სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებს.