რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანის შემოვლითი გზის პროექტირება/მშენებლობას ახორციელებს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 6 მილიონ ლარს სცდება. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან იუწყებიან.

მათივე ინფორმაციით, უკვე დასრულდა 3- კილომეტრიანი გზის მშენებლობა და მიმდინარეობს ხელოვნური ნაგებობების მოწყობა. შემოვლითი გზის არარსებობის გამო, ბაკურიანში ხშირი იყო საცობები, რაც ტურისტების და ადგილობრივი მოსახელობის კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას უშლიდა ხელს. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ეს პრობლემა სრულად მოგვარდება.

მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორთან ბესიკ ამირანაშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო.

გარდა შემოვლითი გზის მშენებლობისა, მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანში არაერთ მნიშნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს. მათ შორისაა, მიტარბისა და კოხტას საბაგირომდე მისასვლელი 3 კილომეტრამდე გზისა და დიდველზე ავტოსადგომის მოწყობის სამუშაოები, შემოვლით გზასთან მრავალსართულიანი ავტოსადგომის მოწყობა, ცენტრალური ბილიკისა და გზის მოწყობის სამუშაოები, ურბანული განახლებისა და რეკრეაციულ პარკში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი. ჯამში მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანში 55 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს.