თბილისის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა იგეგმება

დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას ინფორმაციით, თბილისის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი საკრებულოს უახლოეს დღეებში წარედგინება.

დავით ნარმანიას განცხადებით, დედაქალაქის ახალ მთავრობას პრაქტიკულად ამოწურული დახვდა ბიუჯეტის სოციალური დაცვის ნაწილი, ისევე როგორც რაიონული გამგეობების ხარჯთაღრიცხვები.

"ჩვენ იძულებული გავხდით, სოციალური დაცვის ნაწილში ბიუჯეტის სხვა ნაწილებიდან გადმოგვეტანა დაფინანსება, რათა წლის ბოლომდე სოციალურად დაუცველ თბილისელებს აუცილებელი მომსახურება არ მოაკლდეთ. ამ მიზნით, ჩვენ საკრებულოს წარვუდგენთ ბიუჯეტში ცვლილებას, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ჩვენმა წინამორბედებმა ბიუჯეტი პრაქტიკულად დააცარიელეს, საშემოსავლო ნაწილში არარეალურად მაღალი ციფრები ჩაწერეს, რის გამოც მისი შესრულება წლის პირველ ნახევარში ვერ შეძლეს" , - განაცხადა დავით ნარმანიამ.

დედაქალაქის მერის კომენტარს მერიის პრესსამსახური ავრცელებს.