ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენს პოზიციებს, როგორც თხილის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ექსპორტიორი ქვეყანა. ჩემი მოლოდინია, რომ ერთ აგრონომიულ წელიწადში საქართველომ 100-110 მილიონი დოლარის შემოსავალი უნდა მიიღოს მხოლოდ თხილის ექსპორტიდან, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სამეგრელოში თხილის მწარმოებელ ფერმერებთან გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მინისტრმა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით გატარებულ ღონისძიებებზე საუბრისას საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და ფერმერების ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ წელს ქვეყანაში თხილის ხარისხიანი მოსავალი იქნება.
„რა ღონისძიებებიც არ უნდა დაგეგმოს სახელმწიფომ, ფერმერების ჩართულობის გარეშე ჩვენ ვერ მივაღწევდით შედეგებს. მხოლოდ ასეთი ტიპის ჩართულობით, როდესაც ყველა ფერმერი მობილიზებულია, ჩვენ შევძელით მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა, რომელიც წელს შეგვიძლია აღვნიშნოთ. წელს გვექნება თხილის კარგი, ხარისხიანი მოსავალი. ველოდებით დაახლოებით, 40 ათას ტონაზე მეტ მოსავალს, რაც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენს პოზიციებს, როგორც თხილის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ექსპორტიორი ქვეყანა. იცით, რომ საქართველო მესამე, მეოთხე პოზიციაზე იყო როგორც თხილის მნიშვნელოვანი ექსპორტიორი და ჩემი მოლოდინია, რომ ერთ აგრონომიულ წელიწადში საქართველომ 100-110 მილიონი დოლარის შემოსავალი უნდა მიიღოს მხოლოდ თხილის ექსპორტიდან“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.