ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ავტოპარკი 100%-ით შესაცვლელია

პაატა ჯაჭვლიანს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად ავტოპარკის შეცვლა მიაჩნია.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, დღეს საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა.

სხდომაზე, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა, პაატა ჯაჭვლიანმა განაცხადა, რომ მხოლოდ 20 დღეა, რაც მოვალეობის შესრულებას შეუდგა და ამჟამად არსებული ვითარების შესწავლით არის დაკავებული.

პაატა ჯაჭვლიანის თქმით, სექტემბრის ბოლოსთვის უკვე შეიქმნება რეალური სურათი, შესაბამისად გამოიკვეთება პრიორიტეტები და კონკრეტული ნაბიჯები დაისახება.

ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად მას ავტოპარკის შეცვლა მიაჩნია, რადგან იქ არსებული მანქანები 2005-დან 2008 წლამდეა შეძენილი და ბევრი მათგანი ტექნიკურად გაუმართავია.

საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის, გოჩა ბაბუნაშვილის განცხადებით, კომისია საქალაქო სამსახურების უფროსებთან შეხვედრებს აგრძელებს.

მისივე თქმით, აღნიშნულ საქალაქო სამსახურში წინა ხელისუფლებისგან საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა დახვდათ.

,,100 პროცენტითაა შესაცვლელი ავტოპარკი. ეს ის ძირითადი საკითხია, რომლითაც აღნიშნულმა სამსახურმა უნდა დაიწყოს ცვლილების განხორციელება. მოსაგვარებელია სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება, ასევე უმძიმესი მდგომარეობაა მეტროპოლიტენშიც. პრობლემაა ტაქსების მოძრაობის თვალსაზრისითაც", - განაცხადა გოჩა ბაბუნაშვილმა.

საკრებულოს ფრაქციის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-თბილისი" ხელმძღვანელის ირაკლი აბესაძის განცხადებით კი, დღევანდელმა შეხვედრამ დაადასტურა, რომ ტრანსპორტის სფეროში ბევრი რამ გაკეთდა.

ირაკლი აბესაძემ ასევე აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსსა და დედაქალაქის ვიცე-მერს ალექსანდრე მარგიშვილს ჯერ არ აქვთ წარმოდგენა ამ დარგში არსებული პრობლემების თაობაზე და შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით არც პასუხები გააჩნიათ. "ისინი პრობლემებზე სალაპარაკოდ ერთ თვეში იქნებიან მზად და ჩვენც შესაბამისად, დაველოდებით", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.