"დიდი იმედი გვაქვს, რომ „ფორსაჟი 9“-ის გამოსვლის შემდეგ, რამდენიმე ათასი ტურისტი შემოვა ქალაქში"

ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ფილმის „ფორსაჟი 9“ გამოსვლის შემდეგ, რამდენიმე ათასი ტურისტი შემოვა ქალაქში, - ასე აფასებს თბილისის მერის მოადგილე, სოფო ხუნწარია ფილმის „Fast and Furious 9“ (ფორსაჟი 9) ეპიზოდის საქართველოში გადაღებას.

მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ბიუჯეტი, რომელიც ამ მცირე მონაკვეთის გადაღების დროს იქნება დახარჯული თბილისში და შეადგენს 31 მილიონ ლარს.

„პროექტი უპრეცედენტოა ქართული კინოინდუსტრიის განვითარების კუთხით. 400-მდე ქართული კინოინდუსტრიის წარმომადგენელია გადაღებების პროცესში ჩართული. ასევე, უპრეცედენტოა ტურიზმის მიმართულებით და ზოგადად თბილისის პოპულარიზაციის კუთხით. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ფილმის გამოსვლის შემდეგ რამდენიმე ათასი ტურისტი შემოვა ქალაქში, ისე როგორც ხდება ხოლმე სხვადასხვა „ბლოკბასტერების“ გადაღების დროს. სხვადასხვა ქალაქების მაგალითზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ და ამის სტატისტიკური მონაცემები არსებობს.

მნიშვნელოვანია ის ბიუჯეტი, რომელიც სწორედ ამ მცირე მონაკვეთის გადაღების დროს იქნება დახარჯული თბილისში, ეს არის 31 მილიონი. ზოგადად ვიმედოვნებთ, რომ თბილისი და საქართველო მოხვდება სხვადახვა მნიშვნელოვანი კინოინდუსტრიების ფოკუსში იმიტომ, რომ ჩვენ ამის ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

რაც შეეხება კონკრეტულად გადასაღებ მოედანს და მიმდინარე პროცესს, მერის მოადგილის განცხადებით, ყველა სატრანსპორტო სქემა არის შეთანხმებული, ის ვრცელდება ქალაქ თბილისის მერიის ვებ გვერდზე და ასევე სოციალურ მედიაში.

„ცოტა ხანში ინფორმირება მოხდება სხვადასხვა ტელეეთერების საშუალებით, ასევე “აწარმოე საქართველოშის” წარმომადგენლები და გადამღები ჯგუფის წევრები ინფორმირებას ახდენენ მოსახლეობის, თუ რამდენი ხნით და სად შეიზღუდება მოძრაობა”,- განაცხადა ხუნწარიამ.

შეგახსენებთ, რომ პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, ჰოლივუდის კინომწარმოებელი კომპანიის „UNIVERSAl PICTURES“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ფილმის „Fast and Furious 9“ (ფორსაჟი 9) ეპიზოდის გადაღება 19 აგვისტოს დაიწყება და პროცესი 20 სექტემბერს დასრულდება. გადაღებები თბილისსა და რუსთავში იგეგმება.