ამბროლაურში, პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ ფარგლებში ქალი მეწარმეებისთვის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ცნობით, შეხვედრას აგროტურიზმით დაკავებულები ქალი მეწარმეები ესწრებოდნენ.
მეწარმე ქალებმა შეხვედრისას ის გამოწვევები განიხილეს, რომელიც აგროტურიზმის სფეროშია და ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. ბენეფიციარები შეხვედრის დროს მიღებული ინფორმაციის გამოყენებას სამომავლოდ საკუთარ საქმიანობაში გეგმავენ.
როგორც ფერმერთა ასოციაციაში აცხადებენ , პროექტის მონაწილე მეწარმე ქალების ნაწილმა ბიზნესის განსავითარებლად ცოდნისა და კვალიფიკაციის ასამაღლებლად შესაბამისი ტრეინინგები უკვე გაიარეს.
“პროექტი მიზნად ისახავს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას ბიზნესის სხვადასხვა სფეროში. საქართველოს ფერმერთა ასოციაცია დამწყებ ქალ მეწარმეებთან ერთად, დიდ შემდგარ კომპანიებთან იმუშავებს, რომლებიც ბენეფიციარებს ხელს შეუწყობენ გაფართოვდნენ და გაზარდონ თავისი გაყიდვები ,“ - განაცხადა პროექტის მენეჯერმა ნათია ნინიკელაშვილმა.
მეწარმე ქალებს მხარდაჭერას პროექტი „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ უწევდა, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ახორციელებს. აღნიშნული პროექტი საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერას 2020 წლამდე გააგრძელებს.