ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურანავამ იმერეთის სოფლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე იმერეთის რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და მთავრობის მიერ დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის რეგიონში ზვიად შალამბერიძე, ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი შალვა კიკნაველიძე, ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ნათია თურნავამ მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ სოფელ რქვიაში, სკანდასა და შიმშილაქედში გაზიფიცირების მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
უწყების ცნობით, ეკონომიკის მინისტრმა მოსახლეობისგან იმ საჭიროებების შესახებ მოისმინა, რომელთა მოგვარებაც ადგილობრივ მცხოვრებლებს უმნიშვნელოვანეს ამოცანად მიაჩნიათ. ნათია თურნავამ მათ დეტალურად გააცნო ის გეგმები, რომლებიც საქართველოს მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს, განსაკუთრებით რეგიონების სწრაფი განვითარებისთვის. ასეთ მიმართულებებს შორის ეკონომიკის მინისტრმა, პირველ რიგში, გაზიფიცირების მასშტაბური პროგრამა დაასახელა, რომელიც აქტიურად მიმდინარეობს და შედეგად, მხოლოდ იმერეთის რეგიონში 5 000-ზე მეტ ოჯახს ბუნებრივი აირი ექნება.
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ განსაკუთრებით რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იყოს ყველა ის სიკეთე, რომელმაც ეკონომიკური კეთილდღეობა და განვითარების ახალი შესაძლებლობები უნდა შექმნას თქვენთვის. გაზიფიცირების გარდა, საუბარია მაღალსიჩქარიან, ოპტოკურ-ბოჭკოვან ინტერნეტიზაციაზე, რომლის ფარგლებშიც დაიფარება მთელი საქართველო და, ცხადია, იმერეთის რეგიონიც. სექტემბერში ასევე ვაცხადებთ მიკროგრანტების პროგრამას, რომელიც გაძლევთ რეალურ შანსს, თქვენი იდეა აქციოთ ბიზნესად ან გააფართოვოთ არსებული ბიზნესი“ - განაცხადა ნათია თურანვამ.
მინისტრის შეფასებით, იმერეთის რეგიონს აქვს კარგი პოტენციალი, რომ განავითაროს აგროტურიზმი და შეიქმნას საოჯახო სასტუმროები.
„თუ აირჩევთ საქმიანობის ამ სფეროს, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დაგეხმარებათ ინფორმაციის სათანადოდ განთავსებასა და მარკეტინგში“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.