„ვრცელდება ვითომდა ჩემს მიერ გაკეთებული განცხადებები სხვადასხვა შინაარსით, იქმნება ყალბი გვერდები და ვრცელდება დეზინფორმაცია"

ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი გამოწვევა ფეიკ ნიუსები, ეგრეთ წოდებული ტროლებ-ბოტებია, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ცნობილია, რომ ამის უკან ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეთა სპეცსამსახურებიც დგანან.

„სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის შესაბამისი უწყებები ამ ყველაფერს არ იძიებენ, რაც ბუნებრივად იწვევს ეჭვს მსგავს ქმედებებზე ხელის დაფარების შესახებ.

უკვე ვრცელდება ვითომდა ჩემს მიერ გაკეთებული განცხადებები სხვადასხვა შინაარსით. იქმნება ყალბი გვერდები და ვრცელდება დეზინფორმაცია.

იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული გაუგებრობა და ადამიანების შეცდომაში შეყვანა, გთხოვთ, დაეყრდნოთ მხოლოდ ჩემს გვერდზე დადებულ განცხადებებს.

#ძირსსიყალბე!

ქვეყანა უნდა გაიწმინდოს ტყუილისაგან“, -წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.