კახეთში „ხილის ფესტივალი 2019“ გაიმართა

კახეთის რეგიონში მეხილეობის დარგის პოპულარიზაციისა და ამ მიმართულებით დასაქმებული ფერმერებისა და მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩუმლაყში „ხილის ფესტივალი 2019“ გაიმართა. ფესტივალში ადგილობრივი ფერმერები, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ფესტივალს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი დაესწრნენ, წარმოდგენილი პროდუქცია დაათვალიერეს და მონაწილე ფერმერებს დარგში არსებულ მიღწევებზე და გამოწვევებზე გაესაუბრნენ.

„ბოლო 2 წელია, ატმის და ვაშლატამას მოსავლის აღება-რეალიზაცია წარმატებულად ხორციელდება. გასულ წელს, 12 ათას ტონაზე მეტი პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა, ანალოგიური მაჩვენებელი გვაქვს წელსაც. დარგის ხელშეწყობის მიზნით, მხოლოდ ჩუმლაყში, 9 სამაცივრე მეურნეობა გაიხსნა. ყოველივე ეს,სახელმწიფოს სწორი პოლიტიკის, ასევე ჩვენი სამინისტროს, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის და თვითმართველობის ორგანოების ერთობლივი მუშაობის შედეგია“,- აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.

„წლევანდელმა ხილის რთველმა კარგად ჩაიარა, მხოლოდ კახეთის რეგიონიდან 10 000 ტონაზე მეტი ატამი და ვაშლატამი არის ექსპორტზე გატანილი, რაც, რა თქმა უნდა დიდი შემოსავალია ადგილობრივი ფერმერებისთვის. უნდა ითქვას, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი ინვესტიცია განხორციელდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამების მეშვეობით: მოხდა ახალი ინტენსიური ბაღების გაშენება, ახალი სამაცივრე და გადამამუშავებელი საწარმოების და სიმძლავრეების შექმნა, რამაც დიდი იმპულსი მისცა სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას კახეთის რეგიონში“,- აღნიშნა მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ფესტივალის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ და შეეძინათ ადგილობრივი სეზონური ხილი და მისგან დამზადებული, როგორც ნატურალური წვენები, ასევე ალკოჰოლური და მინერალური სასმელები.

„ხილის ფესტივალი 2019“ კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივითა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ორგანიზაცია „ვიზით კახეთი“ -ს მხარდაჭერით ჩატარდა.