მთავრობა „ლაჯანური 500“-ის მშენებლობის გამო მოქალაქეებს უძრავ ქონებას იძულებით ჩამოართმევს. ექსპროპრიაციას დაექვემდებარება ცაგერის რაიონის, სოფელ ალპანაში 1 507 კვ/მ-ის ფართობი.
,,ლაჯანური 500“-ის ქვესადგურის მშენებლობის პროექტს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ახორციელებს. სწორედ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიენიჭა ქონების ექსპროპრიაციის უფლება.
როგორც ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის 12 აგვისტოს ბრძანებაშია აღნიშნული, 500 კვ ქვესადგურის ,,ლაჯანური 500“-ის მშენებლობა ხელს შეუწყობს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის გამოტანას და შესაბამისად ელექტრონულ ქსელში მის ინტეგრაციას. პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად გაზრდის რეგიონის ენერგომომარაგების სტაბილურობას, უსაფრთხოებასა და აამაღლებს რეგიონის ენერგეტიკული სისტემის მდგრადობას. შესაბამისად, პროექტს გააჩნია სახელმწიფოებრივი და სოციალური დატვირთვა და მის წარმატებით განხორციელებას მნიშვნელოვანი როლი აქვს საქართველოს ენერგოსისტემის პერსექტიული განვითარებისა და გაძლიერებისათვის.
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონში, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ალპანას დასავლეთით, ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის მიმდებარედ, მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე. პროექტის ფარგლებში მოექცა და ექსპროპრიაციას დაექვემდებარება ცაგერის რაიონში, სოფელ ალპანაში მდებარე, გიორგი ჯანაძის (პ/ნ 49001014634), ლიკა ჯანაძის (პ/ნ 49001014637), მაია ბურჯალიანისა (პ/ნ 49001012813) და ტარიელ ჯანაძის (პ/ნ 49001011546) თანასაკუთრებაში არსებული 1507 კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სრულად.
„დადასტურებულია, რომ თანამესაკუთრეებს სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ წერილობით ეცნობა განსახორციელებელი პროექტის მნიშვნელობის თაობაზე და მიეცათ პროექტის ფარგლებში მოქცეული საკუთრების ნებაყოფლობით გასხვისების წინადადება, მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ, რაზედაც მათ უარი განაცხადეს. გამოსყიდვის შეტყობინებებით მოქალაქეებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია, რომ მათი უარის შემთხვევაში სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, როგორც პროექტის განმახორციელებელი, იმოქმედებდა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და მათი საკუთრების ექსპროპრიაციის უფლების მოპოვების მიზნით მიმართავდა კანონმდებლობით დადგენილ ღონისძიებებს“, - აღნიშნულია მინისტრის ბრძანებაში.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ,,ლაჯანური 500“-ის ქვესადგურის მშენებლობის პროექტის განხორციელებისას მოქალაქეების ქონება ექსპროპრიაციას დაექვემდებარა. აქამდე ალპანაში მოქალაქეებს 1 033 კვ/მ და 1 510 კვ/მ ფართობი უკვე ჩამოერთვათ.