რას ვყიდით და ვყიდულობთ მეზობელ ქვეყანასთან- TOP-5 პროდუქტი

2019 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 7 065.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.2 პროცენტით ნაკლებია.

აქედან ექსპორტი 2 102.2 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო იმპორტი 4 963.1 მლნ აშშ დოლარს.

აღსანიშნავია, რომ რუსეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა.

კერძოდ, 2019 წლის იანვარ-ივლისში, საქართველოს 10 უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას შორის რუსეთი მეორე ადგილზე იმყოფებოდა, რომელთანაც სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ საანგარიშო პერიოდში 790.2 მლნ დოლარი შეადგინა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ ტოპ-5 პროდუქტს, რომელსაც ყველაზე დიდი რაოდენობით ვყიდით რუსეთში და ასევე, რომელიც იქიდან შემოგვაქვს.

მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან რუსეთში გატანილი უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფი იყო - ფეროშენადნობები, რომლის ექსპორტმაც 85 924 300 დოლარი შეადგინა; მას მოსდევს ყურძნის ნატურალური ღვინოები - 67 752 600 დოლარით; მე-3 ადგილზე კი 36 149 900 დოლარით მინერალური და მტკნარი წყლებია; ხოლო მე-4 და მე-5 პოზიციებს ცენტრიფუგები; აგრეგატები სითხის ან აირის საფილტრავი ან გასაწმენდი და სპირტიანი სასმელები იკავებენ, შესაბამისად, 19 020 100 და 16 621 000 დოლარით.

რაც შეეხება რუსეთიდან იმპორტს, უმსხვილესი საიმპორტო ჯგუფი ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო. კერძოდ, გასულ თვეებში საქართველოში რუსეთიდან 100 762 800 დოლარის ღირებულების აღნიშნული პროდუქტი შემოვიდა. მე-2 ადგილზეა - ხორბალი და მესლინი, რომლის იმპორტმაც 37 801 500 დოლარი შეადგინა; მას კი 17 269 600 დოლარით ქვანახშირის კოქსი და ნახევარკოქსი მოსდევს. რუსეთიდან საიმპორტო პროდუქტების ტოპ ხუთეულში მე-4 და მე-5 პოზიციებს ქვანახშირი, მიღებული ქვანახშირისაგან მყარი საწვავის სახეობები და ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები ინაწილებენ, შესაბამისად, 15 965 700 და 15 945 700 დოლარით.

ლიკა ამირაშვილი