თიბისი ბანკის ჯგუფი myauto.ge -ს და myhome.ge –ს მფლობელი კომპანიის, My.ge გრუპის 65%-იან წილს ყიდულობს. თიბისი ბანკის ჯგუფის ცნობით, My.ge-ს დამფუძნებლებთან ლაშა და კახა გიგიტელაშვილებთან ელექტრონული კომერციის პლატფორმების მქონე My.ge Group -ის შეძენაზე შეთანხმება უკვე მიღწეულია.
გარიგების ღირებულება 19.45 მლნ ლარია, რაც ნიშნავს, რომ ჯგუფი შეფასებულია 29.93 მლნ ლარად. თიბისის აქვს უფლება, გარკვეული პირობებით დარჩენილი 35%-იც გამოისყიდოს. თანხის გადახდა ხდება ნაღდი ანგარიშსწორებით და დაკმაყოფილდება TBC ჯგუფის არსებული რესურსებით. თიბისი ბანკის ჯგუფის ინფორმაციით, გარიგება დღეს დასრულდება.
My.ge-ს ჯგუფი ფლობს პლატფორმებს myauto.ge, myhome.ge, mymarket.ge, myparts.ge, mysports.ge და myjobs.ge. ჯგუფში შემავალ საიტებს ყოველთვიურად 1,7 მილიონი უნიკალური მომხმარებელი ჰყავს და ლიდერია, მაგალითად ავტომობილების რეალიზაციის ბაზარზე. უძრავი ქონების ბაზარზე კი მეორე ადგილზეა 30-40%-იანი წილით.
2018 წელს ჯგუფის აქტივები 3.3 მილიონ ლარს, ამონაგები კი, 4 მლნ ლარს შეადგენდა.
გარიგების დასრულების შემდეგ, My.ge-ს მენეჯმენტი გუნდი დარჩება მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში და კვლავაც აქტიურად იქნება ჩართული ჯგუფის სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში.
როგორც ცნობილია, My.ge 2002 წელს დაფუძნდა. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, (თიბისი ჯგუფის მიერ კომპანიის შეძენამდე) კომპანიაში 30%-ის მფლობელი კახაბერ გიგიტელაშვილი, 70%-ის მფლობელი კი ლაშა გიგიტელაშვილი იყვნენ. კომპანიის დირექტორი იყო ლაშა გიგიტელაშვილი.